26 აპრილი 2024,   20:02
ვრცლად
მოვუწოდებ ჩვენ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს არ აყვნენ რადიკალური ოპოზიციის უმძიმეს პროვოკაციებსაც კი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. განცხადება მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძე გააკეთა. ირაკლი კობახიძემ არსებული წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და არსებული ინციდენტების გამო შეშფოთება გამოთქვა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის, რომ რადიკალური ოპოზიცია პროვოკაციებს გეგმავდა, ამის შესახებ გაფრთხილებული ჰყავდათ საერთაშორისო ორგანიზაციებიც და აქტივისტებიც, თუმცა ბოლო ინციდენტების თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა.

"თითოეულმა თავდამსხმელმა უნდა იცოდეს, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. პროვოკაციების მოწყობით ახლაც გამოირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც უკვე წლებია პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ, ესენი არიან ნიკანორ მელია და აკმამედ იმამკულიევი, რომელთა შესრულებით გასული წლების განმავლობაში არაერთი უმძიმესი საარჩევნო პროვოკაცია ვიხილეთ.

მძიმე პროვოკაციით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც, რამაც კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ "ქართული ოცნებიდან" მისი ჩამოშორებით ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. აშკარაა, რომ პროვოკაციების მოწყობა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ხელის შეშლა, რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად იქცა, ისინი კვლავაც იმოქმედებენ იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც 2012 წელს ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდნენ. ჩვენი მთავარი ამოცანა თავისუფალი, თანასწორი და მშვიდი არჩევნების ჩატარებაა. მოვუწოდებ ჩვენ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს არ აყვნენ რადიკალური ოპოზიციის უმძიმეს პროვოკაციებსაც კი, სამართალდამცავებს მოვუწოდებთ კანონმდებლობის შესაბამისად მიიღონ ყველა ზომა ინციდენტების აღსაკვეთად და მომხდარ ინციდენტებზე რეაგირებისათვის. არც ერთი სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, მიუხედავად იმისა, ვინ ჩაიდინა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები