25 აპრილი 2024,   19:11
ვრცლად
კლინიკა იღებს ვალდებულებას, რომ სათანადო მკურნალობას გაუწევს პაციენტს - პროკურორი ექიმების საქმეზე

ექიმი ვახტანგ ყიფიანი დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორს დატოვებს. საქალაქო სასამართლომ ადვოკატის მოთხონა დააკმაყოფილა და მედიკოსს 50 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. რაც შეეხება კიდევ ერთ ექიმს, მაგდა ხოჭოლავას, მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე არ გაითვალისწინა.

თავად ვახტანგ ყიფიანი პროცესს ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა. პროცესზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ყიფიანის კოლეგები, რომლებიც საქალაქო სასამართლოს ეზოში იყვნენ შეკრებილები - ოვაციებით შეხვდნენ. 

"დღეს მას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და შესაბამისად, დაუყოვნებლივ გათავისუფლდება პატიმრობიდან.

სასამართლომ ასევე განიხილა საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემის საკითხი, რომელსაც დავეთანხმეთ, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, საუბარია გიორგი ლობჟანიძესა და ვახტანგ ყიფიანზე, მათი უდანაშაულობა სრულად დადასტურდება არსებითი განხილვის შემდეგ," - აცხადებს ვახტანგ ყიფიანის ადვოკატი კახა წერეთელი.

საქმის პროკურორის განცხადებით კი, კლინიკა იღებს ვალდებულებას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სათანადო მკურნალობას გაუწევს პაციენტს.

"ჩვენ პირველ რიგში, გავითვალისწინეთ დაზარალებული მხარის პოზიცია. ჩვენს წინაშე წარდგენილი იყო დაცვის მხარის მიერ ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტი და დაზარალებულთან გასაუბრების შემდეგ, დავადგინეთ, რომ კლინიკა იღებს ვალდებულებას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სათანადო მკურნალობას გაუწევს პაციენტს და ასევე, ის მატერიალური ზიანი, რომელიც ოჯახს გააჩნდა სრულად აუნაზღაურდათ," - აღნიშნავს პროკურორი დავით გუმბერიძე.

წინასასამართლო სხდომას ამ საქმეზე დაზარალებული ახალგაზრდა ქალის ნათია ცირეკიძის უფლებადამცველი ესწრებოდა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ინტერესი არასოდეს ყოფილა რომელიმე კონკრეტული პირის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა. მისი თქმით, ოჯახისათვის მთავარია, რომ ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დღეს სახეზეა და რაც 2 წლიან კომას გულისხმობს, მაქსიმალურად მალე გაუმჯობესდეს. 

"ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით ოჯახის პოზიცია, რომ ნათია ცირეკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად მალე გამოჯანმრთელებული. ამისათვის, ჩვენი მოთხოვნა იყო მკურნალობა, ეს საქართველოში იქნებოდა თუ საზღვარგარეთ. ამ ყველაფერზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ მკურნალობას გაუწევდნენ ნათია ცირეკიძეს," - აცხადებს ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი.

დღის ამბები