19 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად, გორში მასიური მოწამვლის მიზეზად სასმელი წყალი არ სახელდება - წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი

გახდა თუ არა წყალი გორში ბავშვების მასობრივი მოწამვლის მიზეზი - ამ საკითხზე რამდენიმე წუთის წინ მიკრობიოლოგური კვლევის შედეგი გამოქვეყნდა. ინტოქსიკაციის სიმპტომებით ამ დროისთვის გორის ერთ-ერთ კლინიკაში 26 პაციენტი რჩება. სულ სამედიცინო დაწესებულებას 100-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, მათ შორის უმრავლესობა ბავშვია. პაციენტები გორის კომბინატის დასახლებიდან არიან. მოსახლეობა მოწამვლის მიზეზად სასმელ წყალს ასახელებს, რასაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კატეგორიულად გამორიცხავენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კვლევების შედეგად გუშინ მომხდარი შემთხვევა და გავრცელებული ინტოქსიკაცია წყალს არ უკავშირდება.

"ჩვენი კომპანიის ლაბორატორიის კვლევები დასრულდა და შედეგი არის დამაკმაყოფილებელი, ანუ რაც მოხდა გუშინ გორში, წყლისგან არ გავრცელებულა ეს ვირუსი. არ დასტურდება, რომ ეს დაბინძურება იყო წყლისგან გამოწვეული.

გუშინ იყო რამდენიმე შემთხვევა ზუსტად იდენტური სიმპტომებით, რამდენიმე ბავშვი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის ბავშვები არ ცხოვრობენ იმ ადგილზე, სადაც ჩვენ წყალს ვაწვდით," - აცხადებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გრიგოლ მანდარია.

როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა განაცხადა, ინტოქსიკაციის იდენტური სიმპტომებით შემოსული პაციენტები გადმოყვანილ იყვნენ სხვადასხვა სოფლებიდან და უბნებიდან, სადაც ოპერირება წყალმომარაგების კომპანიის მიერ არ ხდება.

"პირველადი ანალიზის შედეგად წყლის გამო არ დასტურდება ინტოქსიკაცია. როგორც კომბინატის დასახლებიდან, ასევე ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან იყვნენ შემოსული პაციენტები, ასევე სოფლებიდან, სადაც არ ხდება ოპერირება წყალმომარაგების კომპანიის მიერ," - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 26 პაციენტია მოთავსებული.

"ნაწილი გაეწერა უკვე, ან გაჯანმრთელებულია, ან სტაბილურ მდგომარეობაში, ზოგი შემოემატა და ამ დროისთვის 26 პაციენტია. არის სხვა დიაგნოზებიც, მაგრამ ძირითადად გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ანალოგიური სიმპტომები და იგივე ჩივილებია," - აცხადებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნია ლაზარაძე.

დღის ამბები