გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე დაკავებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ვახტანგ ჩიქოვანმა, არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა საბოლოო პოზიციები დღეს დააფიქსირეს. სასამართლო პროცესი უკვე დასრულდა.
ბრალდებულებმა სხდომაზე იმასთან დაკავშირებით ისაუბრეს, თუ რატომ სურდათ მათი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა.
საქმის პროკურორი დარწმუნებულია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოც გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
"მოგეხსენებათ, სამმა ბრალდებულმა აირჩია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მათი საქმის განხილვის უფლება. ეს გულისხმობს იმას, რომ დაინიშნა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა, რომელიც გაიმართება გორის რაიონულ სასამართლოში. თარიღი გამოცხადებულ იქნა სასამართლოს მიერ. მიგვაჩნია, რომ როგორც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ისე სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს,"- განაცხადა პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა.
არჩილ გაგნიძის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში დარწმუნებულნი არ არიან.
"გადაწყვეტილება მივიღეთ იმის გამო, რომ დღევანდელი მცხეთის სასამართლოში არ არიან ის ადამიანები დარჩენილი, რომლებიც მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად განიხილავენ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უფრო დაჩქარებულ ვადებში ინტენსიურად იხილავს საქმეს, ფაქტობრივად ყოველდღიურად, შესაბამისად, რაიმე გაჭინაურების ინტერესი არ გაგვაჩნია, დარწმუნებულები ვართ, რომ ნაფიცი მსაჯულები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას,"- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმა.
აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, "ტოიოტა ქამრის" მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.