17 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
ქობულეთში "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა

ქობულეთში, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში, პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. 

ამომრჩევლებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს მდივანი, მარიამ ჯაში მიესალმა და ქობულეთის ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად ზვიად კვაჭანტირაძე, უმაღლეს საბჭოში კი ლაშა ვერულიძეს კანდიდატურები შესთავაზა.

"ქობულეთი გაჩერებულია. არ ფუნქციონირებს არაფერი. ხელისუფლებას 1 წლის განმავლობაში არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რათა შეემსუბუქებინა ქობულეთელების განსაკუთრებით დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობა. ტურისტული სეზონის ჩავარდნა, ათასობით ოჯახისთვის ქობულეთში კატასტროფული აღმოჩნდა. საბანკო კრედიტების შეღავათები აღარ მოქმედებს და ასეულობით ოჯახი განიცდის საკრედიტო ინსტიტუტების მხრიდან ძლიერ ზეწოლას,"- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

პარტია საბანკო შეღავათების მოთხოვნით, პეტიციების შეგროვებას იწყებს.

"აუცილებლად უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში უსამართლო სოციალური პოლიტიკა და გადაიხედოს საბანკო რეგულაციები, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს დღეს ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა მოქალაქეს, დღეს სწორედ ეს არის ყველა ოჯახის საფიქრალი, როგორ გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში სესხების პროცენტების დაფარვას და როგორ გადაურჩეს გამოსახლებას. მოქალაქეები მხოლოდ არსებობაზე ფიქრობენ.

მშრომელები თავიანთ საჭიროებებს არა სესხის, არამედ საკუთარი ხელფასის საფუძველზე უნდა უზრუნველყოფდნენ. უმუშევრობა უნდა იყოს დაზღვეული, ახალი, ინოვაციური საგადასახადო მექანიზმების საფუძველზე, რათა სამსახურის დაკარგვის შემდეგ ადამიანები იყვნენ ფინანსურად დაცულები," - მიმართა მხარდამჭერებს აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლაშა ვერულიძემ.

 

 

 

 

დღის ამბები