საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის პრევენციის გამო ღონისძიებების გამკაცრებაზე ისაუბრა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია პირბადეების ტარება.
"პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელიც კვლავ რჩება, ეს არის პირბადეების გამოყენება და ამ მიმართულებით, ვთვლით, რომ ჩვენ გავამკაცრებთ ღონისძიებებს.
რაც შეეხება ამ ეტაპისთვის ტრანსპორტის შეზღუდვას, ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღეს ნომერ პირველ გადაწყვეტას ამ პრობლემის, რადგან ვითვალისწინებთ როგორც დედაქალაქის სიმჭიდროვეს, ასევე - დედაქალაქში ყველა ღონისძიების დაცვის საკითხს.
აჭარასა და თბილისში მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ ღონისძიებების გატარების ხარისხი და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება იმაში, რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში ჩვენ არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ აჭარაში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა და ამის გამო იმედი აქვთ, რომ მომავალი ათი დღის ვადაში აჭარაში კარგი შედეგი იქნება.