დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ფინანსურმა პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მის დაქვემდებარებაში არსებული ორი კომპანიის სახელით, დეკლარაციებში ყალბი მონაცემები შეიტანა და დღგ-ს ნაწილში ზედმეტი 7 მილიონზე მეტი დაირიცხა.
სამართალდამცველების ცნობით, თანხის ნაწილის, დაახლოებით 200 ათასის ათვისება ბრალდებულმა შეძლო.
ფინანსური პოლიცია საქმეში დამნაშავე სხვა პირების დადგენას ცდილობს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიზნით, მის დაქვემდებარებაში არსებული 2 კომპანიის სახელით, დეკლარაციებში ყალბი მონაცემები შეიტანა, ჯამში კი შეიქმნა ზედმეტობა 7 133 000 ლარის ოდენობით, ბრალდებულმა აღნიშნული თანხიდან შეძლო მხოლოდ 224 996 ლარი ოდენობის აქტივის გამოყენება, მიმდინარე საგადასახადო დავალიანების დასაფარად. რითაც ბიუჯეტზე აცილებული იქნა 6 900 000 ლარის ზიანის მიყენების საფრთხე. საგამოძიებო სამსახურის მიერ, გრძელდება სხვა პირების დადგენა დანაშაულში მხილების მიზნით," - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თეონა დევდარიანი.