დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ. "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობიდან შეარჩევენ.
თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა. ნინო გვენეტაძემ პოსტიდან წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
"კანონმდებლობის თანახმად, თავმჯდომარე იქნება მოსამართლეთა წევრთაგან ერთ-ერთი. რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს კლანი, რადგან მათ აქვთ ძალაუფლება, უმრავლესობა და მათი კლანური პრინციპები ზოგადად იმას ეყრდნობა, რომ ყველაზე მისაღებ და ლოიალურ ადამიანს ირჩევენ ხოლმე. რა გვარისაც და რა წარსულისაც არ უნდა იყოს, კლანისთვის იქნება ყველაზე სანდო, მისაღები ადამიანი,"-აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.