09 სექტემბერი 2026,   05:12
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება - პროცესზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. ადვოკატების განმარტებით, შესაძლოა, ბრალდების მხარემ მოწმეებიც წარადგინოს.

არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ გამოძიებამ არათუ კონკრეტული პირების ბრალეულობა ვერ დაადგინა, არამედ ისიც, მოხდა თუ არა მკვლელობა. 

"ეს არ არის გამართული სისხლის სამართლის საქმე, ეს არის კითხვის ნიშნები, რომელიც მოუტანეს სასამართლოს, რომელსაც თავად გამოძიებამ და ბრალდების მხარემ ვერ გასცა პასუხი. ახლა სასამართლოს სთხოვენ, გასცეს პასუხი იმ კითხვის ნიშნებს, რასაც თავად ვერ უპასუხეს. მათ ვერ გამოკვეთეს არათუ რომელიმე პირის ბრალეულობა, არამედ საერთოდ ვერ დაადგინეს მოხდა თუ არა მკვლელობა. ერთადერთი, რაც უდავოდ დადგენილია ამ საქმეში, ეს არის, რომ გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა,"- აცხადებს ადვოკატი. 

არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური იმედოვნებს, რომ სასამართლო ერთადერთ ობიექტურ გადაწყვეტილებას - გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. 

"მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - ვინ მიაყენა დაზიანება გარდაცვლილ შაქარაშვილს და როგორ აღმოჩნდა ის წყალში - ამის მტკიცებულება ბრალდების მხარეს ამ საქმეში არ წარმოუდგენია, არცერთი მოწმე არ არსებობს, რომელიც იტყვის, რომ დაინახა, როგორ მიაყენეს ამ პირებმა დაზიანება, ან დაინახეს როგორ ჩააგდეს წყალში. ამას მოვახსენებთ სასამართლოს, ავუხსნით და შესაბამისად, გვაქვს ერთი რამის იმედი - სასამართლომ უნდა მიიღოს ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება, რაც არის გამამართლებელი განაჩენი," - განაცხადა ადვოკატმა. 

საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის თქმით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასტურად, რომ გიორგი შაქარაშვილი სწორედ ბრალდებულებმა მოკლეს. 

"როგორ გარბის გიორგი შაქარაშვილი ეს ვიდეოჩანაწერებზეც ჩანს, მოწმეები არიან ადგილზე, რომლებიც, მადლობა ღმერთს, რომ იყვნენ იქ და გაიგეს ის ხმები, რომლითაც დასტურდება ასევე ის ფაქტი, რომ შაქარაშვილს ჩაჰყვნენ ხიდის ქვეშ ტერიტორიაზე. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილს მრავლობითი დაზიანება ჰქონდა სხეულზე და მისი გარდაცვალების მიზეზი - ასფიქსია წყალში დახრჩობით. ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც ბრალი აქვს მიყენებული მკვლელობაში, მათ ჩააგდეს გიორგი შაქარაშვილი წყალში,"- განაცხადა პროკურორმა. 

დღის ამბები