საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარის ნინო ქადაგიძის განცხადებით, კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად იუსტიციის საბჭოს პირველად მიეცა შესაძლებლობა თავად აერჩია თავმჯდომარე განსაზღვრული ვადით.
ნინო ქადაგიძემ სასამართლო სისტემაში არსებული "კლანის" შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
"განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიზღუდა ვადა და საბჭოს პირველად მიეცა შესაძლებლობა, თავად დაეყენებინა კანდიდატი და თავად აერჩია. ანუ, კანონს მე არ დავუნიშნივარ, იუსტიციის საბჭოს წევრებმა დამასახელეს და ჩემი ვადაც, როგორც საბჭოს თავმჯდომარის, გახლავთ ლიმიტირებული და ვადით შემოფარგლული.
მე არ ვფიქრობ, რომ ამით ძალაუფლება მომეცა, ვფიქრობ, რომ ამით მხოლოდ პასუხისმგებლობა გამეზარდა. ვფიქრობ, ნომერ პირველი გამოწვევა არის მოსამართლეების რაოდენობისა და შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდა თითოეული ჩემი კოლეგისთვის. კლანზე უკვე არაერთი განმარტება გავაკეთე, მგონი, უკვე უხერხული ხდება ერთსა და იმავეზე საუბარი,"- განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ნინო ქადაგიძე თანამდებობაზე მისი გამოცდილების და ღირსების დამსახურებით დაინიშნა.
"მისი წარსული, საქმიანობა, ყველა ის თვისება და ღირსება, რომელიც მას გააჩნია, და რომლის გამოც ჩვენ სწორედ ქალბატონ ნინოზე გავაკეთეთ არჩევანი, საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ეს იყო ფაქტობრივად სრული კონსენსუსი მოსამართლე წევრებს შორის. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის ნება ეს არ ყოფილა, იმიტომ, რომ ამის ბევრი მაგალითი არსებობს და პირდაპირ ჩაიდებოდა გამორიცხვა თავმჯდომარეების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან,"-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა და პოზიციაზე 4 წლის ვადით დაინიშნა.
უფრო კონკრეტულად, ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს მოსამართლე წევრებმა: ირაკლი შენგელიამ, რევაზ ნადარაიამ, ირაკლი ბონდარენკომ, ვასილ მშვენიერაძემ, თამარ ონიანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ. არამოსამართლე წევრებმა: ლევან გზირიშვილმა, ირმა გელაშვილმა, თამარ ღვამიჩავამ, ზაზა ხარებავამ და შოთა ქადაგიძემ.
ქადაგიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა საბჭოს მხოლოდ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.
ნინო ქადაგიძე 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.