26 აპრილი 2024,   21:52
ვრცლად
ლარი გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ეკონომიკა დაექცათ - რომან გოცირიძე ბიუჯეტის პროექტზე 

დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას განიხილავენ. ქვეყნის მათავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, რადგან მათი შეფასებით ქვეყნის მთავარი დოკუმენტი არ არის მორგებული მოქალაქეების პრობლემებზე. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, მმართველმა გუნდმა მკაცრი შეზღუდვებით მოგებული დრო სწორად ვერ გამოიყენა, რამაც ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო.   

"ქვეყანას ჰქონდა საშუალება 5 მილიარდი და ის დრო, რომელიც მოვიგეთ ჩაკეტვის შედეგად, სწორად გამოეყენებინა, მაგრამ აღმოვჩნდით უარეს მდგომარეობაში. ამ ბიუჯეტში ამბობენ, რომ თურმე ჯანდაცვის ხარჯები არ არის სწორად გათვლილი, რადგან არ ვიცით პანდემია რა სახეს მიიღებსო. მიიღო სახე - ლარი გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ეკონომიკა დაექცათ და ხმას არ იღებენ და დამამშვიდებელ სიგნალებს იძლევიან,"-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბიუჯეტში ვალი გაზრდილია ისეთ დონეზე, რომლის გადახდაც ქვეყანას არ შეუძლია. 

"მთავრობამ წარმოადგინა წარმოუდგენელი ბიუჯეტი, რომელშიც გაზრდილია ვალი ისეთ დონეზე, რომლის გადახდაც საქართველოს არ შეუძლია. ბიუჯეტი, რომელშიც დეფიციტია გაზრდილი - ანუ, ვხარჯავთ ფულს, რომელიც არ გვაქვს, ბიუჯეტი, რომელშიც კოვიდთან დაკავშირებული ხარჯები გაგეცინებათ და შემდეგ წელს განსაზღვრულია 0 ლარით,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

ოპოზიციისგან განსხვავებით,პროექტს უმრავლესობის მხრიდან პოზიტიური შეფასება აქვს. დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი 17 მილიარდ ლარს შეადგენს. წინასწარი ვერსიის მიხედვით, მასში გათვალისწინებულია პედაგოგთა და სხვა საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა.

"მთავრობა ფიქრობს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იქნება 5%-ის ფარგლებში და ნომინალში და მიაღწევს 54 მილიარდ ლარს. მიიუხედავად ამისა, ჩადებულია 3%-ის ფარგლებში, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 5.2%. მომავალ წელს ხელისუფლება დახარჯავს თითქმის 1 მილიარდი ლარით მეტს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სოციალური დანაპირები ასევე გათვალისწინებულია,"- აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. 

დღევანდელი განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პირველადი ვერსია პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით განსახილველად მთავრობას გადაეცემა.

დღის ამბები