26 აპრილი 2024,   22:48
ვრცლად
საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მორიგი მცდელობა - ოპოზიცია Survation-ის გამოკითხვას კვლევაზე

საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მორიგი მცდელობა - ასე აფასებს ოპოზიცია "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ბრიტანული ავტორიტეტული კომპანიის Survation-ის მორიგ და ამ ეტაპზე ბოლო გამოკითხვას.

დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას - ამ კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 55 %, "ნაციონალური მოძრაობა" - 22 %, "სტრატეგია აღმაშენებელი" ვაშაძე 5 %, "ლელოსა" და "ევროპული საქართველოს" 4-4% აქვს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, სხვა კვლევების მიხედვით მმართველ პარტიას დაბალი მხარდაჭერა აქვს, კომპანია Survation-ის მიხედვით კი "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლის 50%-ზე მეტი უჭერს, რაც მისი თქმით რეალობას არ შეესაბამება.

"მაშინ როდესაც სრულიად ნათელია და ეს დასტურდება არა მარტო ხალხის ზოგადი განწყობით, რომ მათ ცვლილებები უნდათ და ეს ხელისუფლება აღარ უნდათ, ასევე დასტურდება ყველა სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევით, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს ყველაზე დაბალი მხარდაჭერა," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციური სპექტრის ჯამური ხმები ბევრად აღემატება მმართველი პარტიის მონაცემებს.

"ოპოზიციის ჯამური ხმები აღემატება "ქართული ოცნებისა" და მისი ერთი კინკილა სატელიტის ხმებს," - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის მთავარი კვლევა მათი გაკეთებული საქმეებია.

"მთავარი კვლევა ჩვენ გვაქვს ჩატარებული საზოგადოებასთან და ეს არ გვაქვს ერთი დღის და ერთი კვირის და ერთი თვის განმავლობაში. ეს გვაქვს წლების განმავლობაში და ფაქტობრივად ყოველდღიურად გვაქვს საზოგადოებაში კვლევა ჩვენი საქმით და ჩვენი მიდგომებით, სწორედ ამ კვლევებს ვენდობით ძირითადად, რომელიც არის დამაჯერებელი," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევისთვის 16-20 ოქტომბრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1 210 რესპოდენტი. Survation-ის მონაცემებით, ცდომილება 3.5%-ია. Survation-ი არჩევნების დღეს საქართველოს მასშტაბით ეგზიტპოლსაც ჩაატარებს.

დღის ამბები