19 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
დონალდ ტრამპი დემოკრატებს არჩევნების მოპარვაში ადანაშაულებს, ჯო ბაიდენს კი ეჭვი არ ეპარება რომ გაიმარჯვებს

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებიდან მე-4 ე დღესაც კვლავ უცნობია, თუ ვინ გახდება შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი. ხმის დათვლის პროცესი ამ დრომდე გრძელდება 5 შტატში.

ამ დროისთვის ჯო ბაიდენს 264 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 214. პრეზიდენტობისთვის 538-წევრიანი კოლეგიიდან მინიმუმ 270 ხმის მოპოვებაა საჭირო. ცოტა ხნის წინ ამომრჩეველს მიმართა პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა.

ამ დროისთვის დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამარჯვების შანსს ინარჩუნებს. ნევადაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიასა და ალასკაში კვლავ გრძელდება ხმების დათვლა. დარღვევები, ამერიკაშიც აქტუალურია.

ნევადას შტატში რესპუბლიკელებმა სამი ათასზე მეტი დარღვევა დააფიქსირეს, რის გამოც რესპუბლიკური პარტიის ნევადას ოფისის წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურას საჩივრებით უკვე მიმართეს. პენსილვანიასა და ჯორჯიაში დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის სხვაობა მცირდება. ჯორჯიის შტატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ტრამპს 3 500 ხმით ჩამორჩება. პენსილვანიაში კი ტრამპი 65 ათასი ხმით იმარჯვებს.

სპეციალურ ბრიფინგზე მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს ყველა იმ შტატში გაასაჩივრებს, სადაც ჯო ბაიდენმა მოიგო. ასევე, ტრამპმა მედიის მიერ ჩატარებულ კვლევებს, არჩევნებში ჩარევა უწოდა. შტატების მოქმედი პრეზიდენტის თქმით, ყალბი პროგნოზების მიზანი არჩევნებზე ზეწოლა იყო, რათა შეექმნათ ილუზია, თითქოს ჯო ბაიდენი იგებს. მისივე თქმით, ის არაერთხელ ვარაუდობდა, რომ ფოსტით ხმის მიცემის პროცესი თაღლითობისა და კორუფციის საფრთხეს შეიცავს. 

"თუ კანონიერად მიცემულ ხმებს დაითვლით, მე მარტივად გავიმარჯვე. თუ დათვლით უკანონო ხმებს, მაშინ დემოკრატები ჩვენი არჩევნების მოპარვას ცდილობენ. ამასთან ერთად, ძალიან ბევრი ხმა დაგვიანებით მივიდა კომისიებში. ეს სერიოზული საკითხია. უკვე მოვიგე ძალიან ბევრი კრიტიკული შტატი. მათ შორის ფლორიდა, აიოვა, ინდიანა და ოჰაიო. მიუხედავად დიდი მედიების, დიდი ფულისა და დიდი ტექნოლოგიური კომპანიების უპრეცედენტო ჩარევისა, ჩვენ ისტორიული მაჩვენებლებით მოვიგეთ, ხოლო სოციოლოგები შეცდნენ. მათი პროგნოზები სასაცილო აღმოჩნდა. ფოსტით ხმის მიცემა ჩვენს სისტემას დაანგრევს. ეს კორუფციული სისტემაა. ის ადამიანებს კორუფციისკენ უბიძგებს. მაშინაც კი თუ ისინი ამისკენ მიდრეკილები არ არიან," - აღნიშნა ტრამპმა.

ჯო ბაიდენს კი ეჭვი არ ეპარება, რომ პროცესი მალე მისი გამარჯვებით დასრულდება. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მომხრეებს მოუწოდებს, მოთმინება გამოიჩინონ, ვიდრე ამომრჩეველთა ხმების დათვლა გრძელდება.

"შეერთებულ შტატების არჩევნები წმინდაა. ეს არის ამ ერის ნების გამოხატულება. ეს ამომრჩეველთა ნებაა. შტატების პრეზიდენტს ისინი ირჩევენ და არავინ სხვა. ამიტომ, ყველა ბიულეტენის დათვლა აუცილებელია. სწორედ ამას ვადევნებთ თვალს და ეს ასეც უნდა იყოს. დემოკრატია ხანდახან რთულია და არეულია. ხანდახან ის მოითხოვს მოთმინებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან კარგი პოზიციები გვაქვს. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ როდესაც ხმების დათვლა დასრულდება, ჩვენ გავიმარჯვებთ. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, სიმშვიდე შეინარჩუნოს. პროცესი გრძელდება. ხმებს ითვლიან და ჩვენ შედეგები სულ მალე გვეცოდინება," - განაცხადა ბაიდენმა. 

დღის ამბები