დღეს საქალაქო სასამართლოში 2 პროცესი ჩატარდება. პირველი - ისნის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 7 პირის საქმის განხილვა 13:00 საათზე დაიწყება. ოპოზიციური პარტიების აქტივისტები, რომლებსაც გამოძიება დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობის ედავება, სასამართლოს დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გუშინ ღამით გათავისუფლეს.
დღესვე საქალაქო სასამართლომ გუშინ, საოლქო საარჩევნო კომისიებთან დაკავებული 3 პირის საქმეც უნდა განიხილოს, თუმც პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის.
ადვოკატის განცხადებით, არანაირი არგუმენტი არ არსებობს მათ დაკავებასთან დაკავშირებით. სამივე პირი უკვე იმყოფება საქალაქო სასამართლოში.
"დაცვის პოზიცია ისაა, რომ მათ არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ და უპირობო გათავისუფლებას მოვითხოვთ. პოლიციას არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი, ჩვენ ამაზეც გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია.
მე მათ აქტივისტობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ისინი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებდნენ სრულიად უკანონო ქმედებებს," - განაცხადა ადვოკატმა ლევან თოდუამ.