სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება - დღეს ირკვევა, რომ ამ საკითხზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ ყოფილა ირაკლი კობახიძის ერთი კვირის წინ გაკეთებული განცხადება.
სუს-ში გამოკითხვებზე მყოფი პირების ადვოკატებმა თქვეს, რომ ოფიციალური დოკუმენტებით რეაგირება თარიღდება 1-ლი ოქტომბრიდან.
"ერთი მათგანი არის უბრალოდ დაცვის მძღოლი, მეორე ლექტორი და ა.შ. მათ რაიმე მუხლის შინაარსთან თუნდაც შემხებლობაც კი არა აქვთ, არიან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები. 1-ლი ოქტომბერი არის სისხლის სამართლის საქმის ნომერზე დაფიქსირებული და უკვე თითქმის 1 თვე არის გასული," - აცხადებს ადვოკატი გიორგი გოგინავა.
ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ, არანაირი შემხებლობა რაიმე სახის სახელმწიფო გადატრიალებასთან არ ჰქონიათ.
"რეალურად, არანაირი შემხებლობა არა აქვთ რაიმე სახის სახელმწიფო გადატრიალებასთან და ეს რომ თითიდან გამოწოვილი არის ახლა ეს ფაქტია და ისედაც ცალსახაა, რა შემხებლობა უნდა ჰქონდეთ ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს, რომლებიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აკვირდებოდნენ არჩევნების მიმდინარეობას, რამდენად კანონიერად ტარდებოდა - ეს არის აბსურდი. ჩემი შეფასებით, ახლა ეს გამოძიება დაწყებულია იმისთვის, რომ ეს ხალხი ატარონ გამოძიებაზე და შეუქმნან დისკომფორტი იმიტომ, რომ აკვირდებოდნენ არჩევნებს და ამ ხალხმა დააფიქსირეს, რომ არჩევნები არ მიმდინარეობდა კანონის დაცვით," – ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური
პარალელურად გრძელდება გამოკითხვები. მოწმეთა ნაწილმა საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა.
"ჩატარდა გამოკითხვა, გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მომაწერინეს ხელი. დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ალბათ ჩატარდება სასამართლო. ზუსტ კითხვებს ახლა ვერ დაგისახელებთ. გამოძიების დაწყების საფუძველი ყოველთვის შეიძლება არსებობდეს თუ ეჭვი არსებობს," - აცხადებს ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის წევრი აკაკი გურჯიშვილი.