ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა და არსებული ეპიდვითარების ფონზე "გორმედმა" კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში დამატებითი საწოლფონდი გამოყო (დამატებით 30 საწოლი).
დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ "გორმედს", გორისა და ხაშურის კოვიდკლინიკებში, 176 პაციენტის მიღება შეუძლია (გორში - 86, ხაშურში - 90).
"გორმედის" ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კოვიდკლინიკების საწოლფონდი სრულადაა ათვისებული. ინფიცირებულთაგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გორის კოვიდკლინიკაში მართვით სუნთქვაზეა 4 პაციენტი, ხაშურის კლინიკაში კი 8.
შიდა ქართლში გარდაიცვალა 2 პაციენტი, 81 და 86 წლის. ორივეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
სამედიცინო ქსელის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, "გორმედის" ქსელის გორისა და ქარელის კლინიკები არაინფექციური პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების უწყვეტობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
"გორმედის" გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში სხვა ამბულატორიული თუ სტაციონარული სერვისების მიწოდება პაციენტების მკაცრი ზონირების დაცვით გრძელდება. ინფიცირებული და არაინფიცირებული პაციენტების უსაფრთხო ტრიაჟისთვის სამედიცინო ცენტრში გამოყოფილია დამოუკიდებელი შესასვლელები, საოპერაციო ბლოკები და ერთმანეთისგან გამიჯნული საპალატე სივრცეები.