19 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებას დაკავებულების ოჯახის წევრების და ადვოკატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა

რა სასჯელს განუსაზღვრავს სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს, 20 ნოემბერს გახდება ცნობილი. 6-ვე არასრულწლოვანი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო.

ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღძრულ საქმეზე სასჯელის დანიშვნის სხდომა 20 ნოემბერს ჩაინიშნა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას მოჰყვა უკმაყოფილება დაკავებულების ოჯახის წევრების და მათი ადვოკატების მხრიდან. 

"მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მცირეოდენი იმედი, რომ სასამართლო რომელიღაცა ბრალდებულის მიმართ, რომელიღაც ნაწილში მაინც იქნებოდა ობიექტური, სამწუხაროდ, სასამართლომ პირდაპირ გაიზიარა პროკურატურის პოზიციები და და რაც ბრალად ჰქონდა წარდგენილი ყველა პირს, ყველა მუხლში, ყველა ნაწილში, გაამტყუნა ყველა პირი. მოსამართლემ გუშინწინ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა და ორ დღეში დაადგინა განაჩენი, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ განაჩენი დიდი ხნის დაწერილი ჰქონდა მოსამართლე ოშხერელს და ედო კარადაში, გადმოიღო დღეს და წაიკითხა,"- აცხადებს გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე.

"ჩვენ აქ მოვედით, რომ მოგვესმინა სასამართლოს განაჩენი, თუმცა, მოვისმინეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება,"- ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი.

ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ იძლეოდა სხვა შესაძლებლობას, გარდა გამამტყუნებელი განაჩენისა.

"არ ვიზიარებ ადვოკატების პოზიციას, რასაც ისინი აჟღერებენ. პროცესების შემდეგ ისინი მედიასთან ფაქტების საკუთარ ინტერპრეტაციით საუბრობდნენ. ვიდეოკამერებზე დაფიქსირებულ ფაქტებს უარყოფდნენ, შესაბამისად, ეს მათი პოზიციაა, რომელიც არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა სხვა შესაძლებლობას, გარდა გამამტყუნებელი განაჩენისა,"- აცხადებს პროკურორი ნანა გუგუტიშვილი.

დღის ამბები