26 აპრილი 2024,   22:20
ვრცლად
შეიზღუდება თუ არა სამუშაო საათები და დღეები - მთავრობის ეკონომიკური გუნდი მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა

სრული ლოკდაუნი არ იგეგმება, თუმცა მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას განიხილავს.

კონკრეტულად, რა რეგულაციები დაწესდება კერძო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა. ცოტა ხნის წინ მთავრობის ეკონომიკური გუნდი მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა, იქამდე კი, მთავრობის ადმინისტრაციაში სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"შეიძლება შეიზღუდოს სამუშაო საათები, ან დღეები. ეს განვიხილეთ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის,"-უთხრა ჟურნალისტებს სავაჭრო ცენტრ "ქარვასლას" დირექტორმა ზურაბ შავლაყაძემ.

"დეტალურად განვიხილეთ მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების დაკეტვა, კარგი შეხვედრა იყო, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული,-აღნიშნავს კომპანია "ბეკოს" დირექტორი მეჰმედ მელექი. 

"ამ ეტაპზე, აქტიურად განიხილავენ იმ ნაწილს, რომ მოხდეს ნაწილობრივ შეზღუდვები და არ მოხდეს სრული შეზღუდვა. სხვადასხვა ვარიანტებია, დღეებიდან დაწყებული, საათებით დასრულებული, რომ დეკემბრის ბოლომდე თავისუფალი იყოს ჩვენი ეკონომიკა,"-აღნიშნავს "ბიბლუსი ჯგუფის" წარმომადგენელი ირაკლი გაგნიძე.

"იგეგმება ახალი შეზღუდვები. მთავარი ის არის, გვეუბნება ხელისუფლება, რომ სრული ლოკდაუნი არ იქნება. ერთად ვფიქრობთ, რაღაც კონსესუსამდე მივალთ, რომ ვირუსის გავრცელებაც არ იყოს და ბიზნესიც გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან,"- აცხადებს "ისი-პარის" გენერალური დირექტორი მაია პაპალაშვილი.

ბიზნესმენებთან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

"სამწუხაროდ, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, გარკვეულ შეზღუდვებზე გვიწევს ფიქრი, მაგრამ არ გვინდა გადაწყვეტილების მიღება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე. ვთანხმდებით, რომ ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ, გადავტეხოთ ინფიცირებულთა ზრდის ტენდენცია. ვეძებთ და აუცილებლად ვიპოვით დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ნაკლებად დააზიანებს ინდუსტრიას,"- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

"აუცილებელია წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება შევანელოთ. ჩვენი შეხვედრა როგორც სარესტორნო ბიზნესთან, ასევე სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან,  ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეძღვნებოდა და განვიხილეთ ის წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული," - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

ავტორი: ლიკა ალელიშვილი 

დღის ამბები