17 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
"უნდა შევძლოთ ეპიდემიის კონტროლზე აყვანა" - დამატებითი შეზღუდვების გამოცხადებამდე პრემიერი ეპიდემიოლოგებს და მედიკოსებს შეხვდა

დამატებითი შეზღუდვების გამოცხადებამდე, პრემიერის ინიციატივით მთავრობის კანცელარიაში შეხვედრები გრძელდება. ბოლო აუდიენცია გიორგი გახარიას ეპიდემიოლოგებთან და მედიკოსებთან ჰქონდა. დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ დამატებითი შეზღუდვები ინფიცირების რაოდენობას მკვეთრად არ შეამცირებს, თუმცა ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას, რაც ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დაესწრნენ ქართველი ექიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეკონომიკური გავლენა საზოგადოებასა და ქვეყანაზე იყოს მინიმალური და ეპიდემიასაც ამ დონეზე ვერ დავტოვებთ, ჩვენ მასზე უნდა ვიმოქმედოთ. დეკემბერ-იანვარი იქნება გადამწყვეტი თვეები, როდესაც ჩვენ რეალურად უნდა შევძლოთ ეპიდემიის კონტროლზე აყვანა. ჩვენი ჯანდაცვის სისტემის კრიტიკული შეუსაბამობა, რაც რეალურად გვაქვს პაციენტების რაოდენობასა და შესაძლებლობას შორის, ეს ყველაფერი უნდა დაბალანსდეს," - აცხადებს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული ამბობს, რომ აუცილებელია ყველა ადამიანმა საკუთარ თავს დაუწესოს მაქსიმალური შეზღუდვები ყოველდღიურ ცხოვრებაში:

"რეალობა არის ის, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს. ყველამ ერთად, შეგნებულად შევეცადოთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ ის, რისი შეზღუდვაც შეიძლება ჩვენს პირად და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჯერჯერობით სხვა არანაირი იარაღი არ გვაქვს არსენალში," - განაცხადა ზურაბ გურულმა.

შობა-ახალი წლის ფართო აღნიშვნისგან თავშეკავებას ურჩევს მოსახლეობას ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი.

"აუცილებელია იმ შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც ამ დროისთვის მოქმედებს საქართველოში. მოდის შობა-ახალი წელი. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანების მობილობა ძალიან იზრდება და ყველა ქვეყანა მოუწოდებს მაქსიმალურად თავი შეიკავოს ამ დღესასწაულების ფართო აღნიშვნისგან,"- აცხადებს ზაზა წერეთელი.

დღის ამბები