26 აპრილი 2024,   22:36
ვრცლად
საჭიროა დიდი კლინიკის მიმდებარედ გაიშალოს სამხედრო საველე ჰოსპიტლები, რომლებიც ამ სიტუაციას განტვირთავს - ვილი პაჭკორია

საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია საველე ჰოსპიტლების მოწყობის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, იქ განთავსდებიან პაციენტები, რომლებიც კლინიკაში მოთავსებას საჭიროებენ, თუმცა გადატვირთულობის გამო ადგილი არ არის.

როგორც ვილი პაჭკორიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, სასტუმროები ჰოსპიტალს ვერ ჩაანაცვლებს. მისი თქმით, სასტუმროებში უნდა მოთავსდნენ პაციენტები, რომელთაც მსუბუქი სიმპტომები აქვთ ან საერთოდ უსიმპტომოები არიან, ასეთ შემთხვევაში, როგორც კლინიკებში არსებული ვითარება, ისე სასწრაფოს გადატვირთულობა განიტვირთება.   

"ვითარება საკმაოდ მძიმეა, კლინიკები გადატვირთულია, პაციენტთა მიღება თითქმის არ წარმოებს. სასწრაფო დახმარების რიგები დგას კლინიკებთან. სწორედ ამ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, საჭირო გახლავთ დიდი კლინიკის მიმდებარედ გაიშალოს სამხედრო საველე ჰოსპიტლები, რომლებიც ამ სიტუაციას განტვირთავს და განმუხტავს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი სრულად ჩაანაცვლებს სასტუმროებს. სასტუმროები დარჩება ისევ პრიორიტეტად, ისეთი პაციენტებისთვის, რომლებიც გახლავთ უსიმპტომო პაციენტები, მაგრამ პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ გადაყვანას სტაციონარში, მაგრამ სტაციონარში ამ დროს ადგილი არ არის თავისუფალი, სწორედ ასეთი პაციენტებისთვის იქნება მობილიზებული ეს ლაზარეთები. ეს არ გახლავთ კარავი. ზოგიერთს ეშლება, ეს არის ჰოსპიტალი, რომელსაც შეუძლია 100-დან 500 პაციენტამდე მიიღოს. სადაც ყურადღებას მიაქცევს პაციენტებს სამხედრო მედდები, ექიმები და სანიტრები, ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ სან ინსტრუქტორები და მაშველები, რომლებიც საკმაოდ კარგად არიან გადამზადებულები თავდაცვის სამინისტროს რიგებში," - განაცხადა ვილი პაჭკორიამ. 

დღის ამბები