17 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში​ მოსმენისას პანდემიასა და ჯანდაცვის სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა

ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში პანდემიასა და ჯანდაცვის სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა.

საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატები მინისტრობის ექვს კანდიდატს შეხვდებიან, მმართველი გუნდის წინაშე უკვე წარსდგა განათლების მინისტრი.

პროგრამა წარადგინა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმაც. გაერთიანებული კომიტეტის სხდომა, სადაც ეკატერინე ტიკარაძეს და მიხელ ჩხენკელს უსმენდნენ, ამ დროისთვის დასრულებულია. 

შეკითხვების ნაწილი პანდემიას და მისგან გამოწვეულ პრობლემებს უკავშირდებოდა, რომელიც ექიმი დეპუტატების მხრიდან დაისვა. 

"გადასახადების 70 %-ზე მეტი სამწუხაროდ არის აფთიაქებში დატოვებული თანხა. ამიტომ მე იმედს გამოვთქვამ, რომ გვექნება იმის შესაძლებლობა, ამ მხრივ რაღაც სისტემური ნაბიჯები გადაიდგას, რადგან პანდემია პანდემიად, ეს არის დომინანტი თემა, მაგრამ არაგადამდები დაავადებები და მათი მართვა, არის კატასტროფული ფინანსური ტვირთი ჩვენ მოსახლეობაზე," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო.

"არ არის იშვიათობა, როდესაც ექიმები უფრო მეტ წამალს ნიშნავენ სხვადასხვა ინტერესის გამო, ვიდრე ეს საჭიროა. მენეჯმენტი, მხოლოდ დაწერილი კანონი ამ საქმეს ვერ მოაგვარებს. საჭიროა მძლავრი პოლიტიკური ნება, რომ ეს საკითხი მოგვარდეს,"- აღნიშნა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

შეკითხვების შემდეგ დეპუტატებმა მინისტრობის კანდიდატის პასუხები მოისმინეს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს გაუმკლავდნენ.

"ლეტალობის ფაქტები ბავშვებში ბოლო პერიოდში ჩვენთან აღრიცხული არ არის, თუმცა ჩვენ გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რაც აუმჯობესებს ბავშვის კვების რაციონს, ხედვას და მიწოდების ხარისხსაც.

2020 წლის 1 იანვრიდან, გადაუდებელი დახმარება გაეწია 1 200 000 მოქალაქეს. სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განსჯის საგანი, მინდა აღვნიშნო, როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის მოსახლეობისგან, მე ვარ სოლიდარული, მაგრამ როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ, რამდენად დიდი შრომის ფასად უწევთ სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება," - აცხადებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე.

ამ წუთებში მიმდინარეობს კიდევ ერთი გაერთიანებული კომიტეტის სხდომა, სადაც ძალოვან მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

დღის ამბები