26 აპრილი 2024,   22:09
ვრცლად
ალექსეი ნავალნის მიერ გავრცელებული შოკისმომგვრელი ვიდეო მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია - FSB ნავალნის პროვოკაციას წამოეგო

შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელიც გუშინ ალექსეი ნავალნიმ გაავრცელა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ნავალნიმ სოციალურ ქსელში 45 წუთიანი ჩანაწერი დადო, სადაც ასახულია მისი და სავარაუდოდ FSB-ს იმ თანამშრომლის საუბარი, რომელიც რუს ოპოზიციონერს წლების განმავლობაში უთვალთვალებდა.

ალექსეი ნავალნიმ რუსეთის ფედერალური უშიშროების სააგენტოს თანამშრომელს, კონსტანტინ კუდრიავცევს, თავი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პატრუშევის თანაშემწედ გააცნო და მოწამვლის ფაქტზე კითხვები დაუსვა. ნავალნი ტელეფონით რეკავდა ყველა იმ პირთან, რომლებიც "სიენენის", "ინსაიდერის" და "შპიგელის" ჟურნალისტური გამოძიებით რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის საქმეში ფიგურირებდნენ.

შედეგად პირმა, რომელიც ნავალნის პროვოკაციას წამოეგო, ბევრი დეტალი გაამხილა. მათ შორის ახსენა პოლიტიკოსის საცვალში მოთავსებული საწამლავი. კითხვაზე რატომ არ დამთავრდა ოპერაცია წარმატებით, FSB-ს თანამშრომელი ამბობს, რომ პილოტმა და მედპერსონალმა იმოქმედეს ოპერატიულად.
ჟურნალისტური გამოძიებით, კუდრიავცევი ერთ-ერთია რუსეთის სპეცსამსახურის იმ თანამშრომლებს შორის, რომლებიც ომსკში ნავალნის ტანსაცმლის და სხვა სამხილების მოსაშორებლად ჩავიდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, FSB-მ ვიდეო პროვოკაციად შეაფასა. კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი, გავრცელებულ მასალას ბოდვა უწოდა და განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის განდიდების მანია აქვს.

"კონსტანტინ ბორისოვიჩ, მაკსიმ უსტინოვი გახლავართ უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთ თანამშრომელი. ვლადიმირ ბოგდანოვმა თქვენი ტელეფონის ნომერი მომცა, ნავალნის საქმეზე დეტალების დაზუსტება მჭირდება. ვიცი რომ აღნიშნულ საქმეზე მუშაობდით, რა გახდა მიზეზი, რომ საქმე გეგმის მიხედვით არ წავიდა?
საჭირო დოზის განსაზღვრა რატომ ვერ მოხდა შეგიძლიათ მითხრათ?" - განაცხადა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ.

"ჩემი აზრით ყველაფერი ოპერატიულად მოხდა, ობიექტს დროულად აღმოუჩინეს დახმარება, დროულად დაეშვა თვითმფრინავი, რამაც ოპერაციის მსვლელობაზე იმოქმედა. რაც შეეხება როგორ აღმოაჩინეს გერმანელმა ექიმებმა მომწამვლელი ნივთიერება მის ორგანიზმში, შემიძლია გითხრათ, რომ გერმანელებს მაღალი კლასის ქიმიკოსები ჰყავთ, დეტალები მისი მოწამვლის მეთოდის შესახებ არ ვიცი, მე მქონდა კონკრეტული დავალება ჩავედი შევასრულე და წამოვედი. როგორც ჩანს ექიმებმა ადგილზე რაღაც ანტიდოტი მისცეს ობიექტს, რამაც თავისი ზეგავლენა მოახდინა. ვთვლი რომ თვითმფრინავი არ უნდა დაესვათ, თუ ის ფრენას გააგრძელებდა ეფექტი შესაბამისი იქნებოდა," - განაცხადა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა კონსტანტინ კუდრიავცევიმ. 

"როგორ მიმდინარეობდა თვალთვალის ოპერაცია, მინდა რომ ამის შესახებ თქვენგან შევიტყო, ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში, თუმცა ამჯერად მას ერთ ერთი მაღალი თანამდებობის პირისთვის ვამზადებთ, შესაბამისად ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება გვიწევს," - აღნიშნა ნავალნიმ.

"შემიძლია გითხრათ, რომ უცნაური პიროვნება იყო, სულ მოძრაობდა, იცვლიდა მობილურის ნომრებს, თითქოს რაღაცის ეშინოდა და სიფრთხილეს იჩენდა. მაქსიმალური სიზუსტით შევეცადეთ ოპერაციის შესრულებას, თუმცა შესაძლოა მოთვალთვალე პირები ვიღაცის კამერას დაეფიქსირებინა, რამაც მისი მოწამვლის შესახებ ვერსიები წარმოშვა, ჩვენ მისი ტანსაცმელიც კი სრულიად გავასუფთავეთ, მასზე არანაირი კვალის აღმოჩენა არ მოხდება . საეჭვოა მისი ლურჯი ტრუსი, შესაძლოა მანდ რამე აღმოაჩინონ, თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა. ალბათ არ ფიქრობენ მაგაზე. ბოლოს იმას ვიტყვი, რომ ასეთ ოპერაციაში მონაწილეობა პირველად მივიღე, მას შემდეგ არც ბოგდანოვი, არც მაკშაკოვი, არ შემხმიანებიან," - აღნიშნა კონსტანტინ კუდრიავცევმა.
 
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ალექსეი ნავალნის მიერ ჩატარებულ გამოძიებას პროვოკაციად აფასებს და ე.წ. გამოძიებას უცხოეთის სპეცსამსახურების დახმარებით მომზადებულს უწოდებს. რუსმა ოპოზიციონერმა 21 დეკემბერს ხმოვანი ჩანაწერი გაავრცელა, სადაც მის მოწამვლაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენის გამო წუხილს გამოთქვამს. ნავალნის განცხადებას FSB-ს დისკრედიტაციად აფასებს რუსეთის უსაფრთხოების სამსახური. ნავალნი ამბობს, რომ FSB-ს სპეციალური ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, კონსტანტინ კუდრიავცევს 14 დეკემბერს, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით დაუკავშირდა, რომელმაც მისი მობილურის ნომერი დაფარა. ნავალნიმ კუდრიაცევს თავი უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთ თანამშრომლად წარუდგინა. ოპოზიციონერის განცხადებით, კუდრიაცევმა აღიარა, რომ წამლავდა. ვიდეოს ერთვის აუდიოჩანაწერიც. აუდიოჩანაწერში კუდრიავცევი თავიდან ორჭოფობს, თუმცა ადასტურებს, რომ მონაწილეობას იღებდა მოწამვლაში და მანამდეც, 2017 წლიდან თვალს ადევნებდა ნავალნის, მისი თქმით, ალექსეი ნავალნი ძალიან ფრთხილი პიროვნებაა და ხშირად იცვლის ნომრებს. რუსი ოპოზიციონერი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – კორუფციასთან ბრძოლის ფონდი – წევრები იმთავითვე ამბობდნენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

დღის ამბები