ამ წუთებში ქალაქის საკრებულო თბილისის მერს უსმენს. კახა კალაძემ წელი შეაჯამა და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა. აქცენტი კეთდება სოციალურ პროგრამებზე და ჯანდაცვაზე. მერი ამბობს, რომ 2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მორგებულია პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებს.
დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ახალ ბიუჯეტში გაზრდილია სოციალური პროექტების დაფინანსება და დოკუმენტი მორგებულია პანდემიის შედეგად შექმნილ რეალობას.
"ჩვენს დედაქალაქს უამრავი სირთულე ახსოვს და გადაულახავს. ალბათ ასეთად ჩაითვლება შემდგომში 2020 წელიც. როგორც მთელს მსოფლიოს, ასევე საქართველოს და რასაკვირველია თბილისსაც, კორონავირუსთან დაპირისპირება მოუწია. პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ სირთულეებს ემოციურიც დაერთო. ძალიან ძნელი იყო ამხელა ქალაქის შეგუება და ადაპტაცია ახალ რეალობასთან, ძალიან ძნელი იყო იმ დაწყებული საქმეებისა და პროექტების განხორციელების შეჩერება და სახეცვლილება, რაც დაგეგმილი გვქონდა და რასაც დავპირდით თბილისელებს. ქალაქი თითქმის მთელი წელია ცხოვრობს სხვადასხვა სახის შეზღუდვების პირობებში, ქალაქი თითქმის მთელი წელი იყო დინამიური პოლიტიკური პროცესების შუაგულში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, როგორც ქალაქის მერმა, ვალდებული ვარ, მიუხედავად ყველაფრისა, აღებული პასუხისმგებლობა, თითოეული ჩემი თანამოქალაქის წინაშე, მუნიციპალიტეტის წინაშე და კანონის წინაშე აღვასრულო," - აცხადებს კახა კალაძე.
თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე კონკრეტულ რიცხვებზე საუბრობს, თუ როგორი იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტი. მისი თქმით, 2021 წელს, თბილისის ბიუჯეტი მილიარდ 50 მილიონის ოდენობის იქნება, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში 50 მილიონით გაიზრდება.
"დღეს დასამტკიცებლად წარმოდგენილია მილიარდ 50 მილიონის ოდენობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წელს, პირველივე თვეს გაიზრდება დაახლოებით 50-60 მილიონი ლარით, რომელიც იქნება ძირითადად სპეციალური ტრანსფერი ფინანსთა სამინისტროდან, რომელიც არის უკვე ჩვენი მოლაპარაკების და შეთანხმების ნაწილი და რა თქმა უნდა, ეს თანხებიც მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე იქნება მიმართული," - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.