09 სექტემბერი 2026,   02:50
ვრცლად
მკაფიოდ ვამბობ, რომ ჩემთვის არ არის ცნობილი ჩვენს ქვეყანაში პოლტიპატიმრის არსებობის შესახებ - მიხეილ სარჯველაძე

ვის შეეხება და გაფართოვდება თუ არა, ამნისტიის პროექტი. განხილვას პარლამენტი იწყებს. პროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 44-ზე მეტ მუხლს, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულების კატეგორიაში გადის.

მაგალითად ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია და ა.შ. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა. დეპუტატების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ცვლილებები პროექტში შევა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ დისკუსიები და კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან სრულფასოვანი უნდა იყოს.

"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს რაც შეიძლება სრულფასოვანი დისკუსია და კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამ შემთხვევაში ერთის მხრივ იგულისხმება უფლებების გათვალისწინება და ინტერესის გათვალისწინება იმ ადამიანებისა, ვისაც პოტენციურად უნდა შეეხოს ამნისტია და ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს ასეთ ადამიანთა წრე, ვისაც ეს შეეხება. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გვაქვს საზოგადოებრივი უსაფრთხოება როგორც მნიშვნელოვანი სიკეთე, რომელსაც სჭირდება სწორი და ძალიან ფრთხილი დაბალანსება.

მკაფიოდ ვამბობ, რომ ჩემთვის არ არის ცნობილი ჩვენს ქვეყანაში პოლტიპატიმრის არსებობის შესახებ. ამას კატეგორიულად არ ვეთანხები და გამოვრიცხავ. რაც შეეხება მუხლების დამატებას, ასეთზე ვმუშაობთ,"- ა​ღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი მერაბ ქართველიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სისტემური ცვლილებები განაგრძოს.

"ძირითადად კანონპროექტი ეხება ნარკოტიკულ დანაშაულებს, ამ მიმართულებით უნდა ითქვას რომ ერთჯერადი ჰუმანური აქტი დადებითად აისახება. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სისტემური ცვლილებები განაგრძოს,"-აღნიშნა მერაბ ქართველიშვილმა.

დღის ამბები