19 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს იმის გამო, რომ დღესასწაულების პერიოდში, ძალიან ცოტა ადამიანი მივიდა ტესტირებისთვის - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება ფიქსირდება, ეს ინფექციის რეალურ კლებას არ ნიშნავს.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა ინფექციის ახალი პიკის საშიშროების წინაშე არ დადგეს, საჭიროა ტესტირების შედეგად დადებითობის მაჩვენებელი 11%-დან 5%-მდე ჩამოვიდეს. 

"ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს არა ჭეშმარიტი კლების საფუძველზე, არამედ, იმის გამო, რომ დღესასწაულების პერიოდში, ძალიან ცოტა ადამიანი მივიდოდა ტესტირებისთვის და გადაავადებდა ამას ხვალამდე.

ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში გარკვეული მატება გვექნება, არა იმის გამო, რომ რეალურად მატებაა, არამედ იმიტომ, რომ მეტი შემთხვევა გამოვლინდება. ტესტირების შედეგად ​დადებითობის მაჩვენებელი ​კვლავაც რჩება 11%-ის ფარგლებში. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი შემცირდეს 5%-მდე და ჩამოვიდეს დაბლა. სწორედ ამის შემდეგ გვექნება საფუძველი ვთქვათ, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს და იმის შანსი, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მივიღებთ ახალ პიკს, იქნება ნაკლები. ამდენად, მომდევნო კვირის განმავლობაში ჩვენი მთავარი აქცენტი იქნება გაფართოებულ ტესტირებაზე. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემთხვევები მოიმატებს,"-განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღის ამბები