საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით, წლებია, 7 იანვარს თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - "ალილო" ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება.
"ალილო" წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.
შობის სადღესასწაულო ღვთისმსახურება დაიწყება ოთხშაბათს, 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.