ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს საკითხი განიხილეს. ევრო დეპუტატებმა 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. კომიტეტს თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა მიმართა და არჩევნების შემდეგ მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა.
"ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ რეგიონში ორ მნიშვნელოვან არჩევნებს ვაკვირდებოდით, მოლდოვასა და საქართველოში. ორივე მათგანი კრემლის სამიზნე იყო. მაგრამ მოლდოვაში რუსეთს გარე აქტორის როლში ყოფნა მოუწია,როდესაც საქართველოს არჩევნებში კრემლის ნარატივები გავრცელდა და არჩევნების მოპარვას ხელისუფლება შიგნიდან ახორციელებდა. მე სანქციებს მხარს ვუჭერ. სხვათა შორის, ევროპარლამენტმა უკვე რამდენიმე რეზოლუციაში აღნიშნა სანქციების აუცილებლობის შესახებ. აქ, ევროკავშირში, ნათლად უნდა ვთქვათ, რომ ეს დემოკრატიული არჩევნები არ ყოფილა. ამ არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება არ შეგვიძლია, საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება უნდა მოვითხოვოთ", - აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე.
ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა კოლეგებს მოუწოდებს, ისწავლონ წაგების აღიარება და აცხადებს, რომ არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო.
"ძვირფასო კოლეგებო, გთხოვთ ისწავლოთ როგორ წააგოთ. "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მოიგო. გთხოვთ პატივი ეცით ამას. სამი რამის თქმა მინდა. ჯერ ერთი, ევროპარლამენტმა საქართველოში არჩევნების წინ მიიღო რეზოლუცია, სადაც "ქართული ოცნება" გააკრიტიკეს. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ მიუკერძოებლად ვაკვირდებით არჩევნებს და არ აქვს მნიშვნელობა რას ვფიქრობთ არჩევნებზე, რადგან მიუკერძოებელი არ ვართ.
საქართველოს აქვს უფლება ითანამშრომლოს რუსეთის ფედერაციასთან, რადგან ისინი ეკონომიკურად არიან დამოკიდებულნი მათზე. და მე ვფიქრობ, რომ იმპერიალისტურია საქართველოს აიძულო მტრულად განწყობილი იყოს რუსეთის მიმართ. ასე რომ, ჩვენ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, სხვისი ხელით - უკრაინის გავლით. ახლა კი გვინდოდა საქართველო გამოგვეყენებინა. და როცა მათ ეს არ უნდათ, ჩვენ მათი დასჯა გვინდა. ეს ნამდვილად ამორალურია. ევროპარლამენტი ამბობდა, რომ ჩვენ ნამდვილად ვზრუნავთ საქართველოზე, მაგრამ ბოლო პლენარულ სესიაზე რამდენიმე კვირის წინ იყო მხოლოდ თარჯიმანი და ხუთი მომხსენებელი. ამიტომ, ნათლად მინდა ვთქვა, საქართველოს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი დემოკრატიული გზა და ყველაზე დემოკრატიული, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს", - აცხადებს ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა.
ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო კი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია იმის თქმა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო.
"მე ვიყავი სადამკვირვებლო მისიის წევრი საქართველოში და მე აგრეთვე სამხრეთ კავკასიის დელეგაციის წევრიც ვარ. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ყველა ტიპის საარჩევნო მანიპულაციასთან გვქონდა საქმე, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია. შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. სამწუხაროდ ეს ერთადერთი ნიშანი არ არის საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული უკან დახევისა. საკმაოდ ბევრი რამ მოხდა ამ უკანასკნელ თვეების განმავლობაში.
უნდა გადაიდგას ნაბიჯი სანქციების თვალსაზრისით, იმ პარტიის მიმართ რომელიც დგას ამ გაყალბების უკან", - აცხადებს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო.
რაც შეეხება ევროპარლამენტარ დენიელო დელა ვალეს, მისი განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოსთან ვერ შეჩერდება, ვინაიდან საჭიროა საქართველოსთან დიალოგის შენარჩუნება.
"საქართველო ნამდვილად არის ქვეყანა, რომელიც უახლოვდება ევროპას და ამას მრავალი წელია აკეთებს. და როდესაც გაწევრიანების პროცესი დაიწყო, მოქალაქეები უკიდურესად აღელვებულები იყვნენ. ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა დავაფასოთ. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენი კვალი დავტოვოთ, ამ რეგიონში, რათა უზრუნველვყოთ თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფოსთან, რომელსაც ემუქრება კონფლიქტი რუსეთში. თუმცა, გაწევრიანების პროცესი ახლა ვერ შეჩერდება, რადგან ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დიალოგის შენარჩუნება საქართველოსთან და იმ ხალხთან, ვისაც სურს რეალურად გაწევრიანდეს ევროკავშირში. ცხადია, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რუსეთის ჩარევას. თუმცა, ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების საქმეებში. როგორც ჩანს,ზოგიერთ კოლეგას სურს ამის გაკეთება", - აცხადებს ევროპარლამენტარი დენიელო დელა ვალე.