მავნებლობის შემდეგ, "ქართული ოცნება" ჯაშუშობას უწოდებს ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილს.
ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილი გაუგზავნეს - ტექსტში პოლიტიკური ჯგუფები მოუწოდებდნენ ევროკავშირს, არ აღიაროს საქართველოში ჩატარებული არჩევნები და შეაჩეროს, როგორც მთავრობის დაფინანსება, ასევე ხელისუფლებასთან ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია.
"ქართული ოცნების" წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ასეთი ქმედებები საზოგადოებას არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ისინი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობას მუდმივად ეწევიან.
"საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს და ხედავს, თუ როგორი არის "ნაციონალური მოძრაობის" კლასტერში შემავალი 4 პარტიის ქმედებები, რა განცხადებებით გამოირჩევიან ისინი. მათ შორის, არ უნდა გაუკვირდეს არც ეს წერილი, რომელშიც ღიად, პირდაპირ, მოღალატეობრივად საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საკუთარი ქვეყნის იმიჯის გაშავების და რაც ყველაზე უფრო მძიმეა, სუვერენიტეტის გაუქმების მიზნით, თითქოს უცხოეთიდან ვინმემ არჩევნები უნდა ჩაგვიტაროს, გამოძიება უნდა მოაწყოს ან ხელისუფლება უნდა დაგვინიშნოს. ეს ყველაფერი საზოგადოებას არ უნდა გაუკვირდეს, რადგან როდესაც ღიად ასეთ რამეებს აკეთებდნენ, წარმოიდგინეთ რა ხდებოდა კულისებში", - განაცხადა გორდულაძემ.