26 აპრილი 2024,   21:49
ვრცლად
"დემოკრატები" პრეზიდენტის გადაყენებაზე ალაპარაკდნენ - არ გამოირიცხება, რომ თეთრი სახლი მაღალჩინოსნების ნაწილმა დატოვოს

52 დაკავებული და 4 გარდაცვლილი - აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა ბაიდენის გაპრეზიდენტებამდე შენარჩუნდება, რადგან ესკალაციას არ გამორიცხავენ.

"სამარცხვინო ფურცელი"."არაამერიკული მოვლენები" - ასეთია მსოფლიოსა და ამერიკელების შეფასებები იმ მოვლენებზე, რომელიც აშშ-ში განვითარდა.

ხელისუფლების გადაბარებამ ამერიკის უახლეს ისტორიაში პირველად შექმნა ამგვარი ქაოსი. ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებმა, წაგებული არჩევნების შედეგების დამტკიცება სენატში სხდომაზე შეჭრით ჩაშალეს, ზოგმა სულაც სპიკერის სავარძელი მოირგო. იყო სროლა, დარბევა, ვანდალიზმი, დაკავებები. ამ უპრეცენდენტო და ბევრისთვის შოკისმომგვრელ პროცესს 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ტრამპი კრიტიკის ობიექტი ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როდესაც ფაქტამდე რამდენიმე საათით ადრე ამომრჩევლებთან შეხვედრისას კვლავ გააკეთა განცხადებები არჩევნების გაყალბებაზე და ამომრჩევლებს უთხრა, რომ არ დანებდებოდა. ბევრი და განსაკუთრებით "დემოკრატები" თვლიან, რომ ეს ტრამპმა წააქეზა ამბოხი, გააკრიტიკეს იმის გამოც, რომ მან კრიზისულ მომენტში რეაგირება დააგვიანა. გადარჩეულ პრეზიდენტს ყველაფერთან ერთად დაუბლოკეს youtube-ისა და twitter-ის გვერდებიც, მთელი 12 საათით.

სათქმელი მან მხარდამჭერებს გვიან უთხრა, უთხრა რომ "სახლში წასვლის დროა". ტრამპს ჯო ბაიდენმა დაასწრო, რომელმაც მიმართვაში თქვა, რომ "ეს არ არის ამერიკა".

ევაკუირებული სენატორები სხდომას რამდენიმესაათიანი ქაოსის შემდეგ მიუბრუნდნენ და ბაიდენის პრეზიდენტობის დამტკიცების პროცესს შეუდგნენ. ამავდროულად სენატორი დემოკრატები უკვე ალაპარაკდნენ 25-ე შესწორებაზე, რაც ქვეყნის პრეზიდენტის გადაყენებას გულისხმობს. თუ ეს პროცესი ბოლომდე მივა და 20 იანვრამდე მოესწრება, შესაძლოა პრეზიდენტობა რამდენიმე დღით, ბაიდენის ინაუგურაციამდე მაიკ პენსმა ითავოს, რომელიც სხვა "რესპუბლიკელების" მსგავსად შოკირებულია მომხდარით და მკაცრად აკრიტიკებს დემონსტრანტების ნაწილს.

საერთაშორისო მედიაში ამბობენ, რომ მომხდარის გამო თეთრ სახლის თანამშრომელთა ნაწილი ტრამპის კაბინეტის დატოვებას გეგმავს, თუმცა არც ტრამპს აქვს კაბინეტში ყოფნისთვის დიდი დრო. 20 იანვარს ჯო ბაიდენი პრეზიდენტობას გადაიბარებს, სწორედ ამ დრომდე გაახანგრძლივა ვაშინგტონის მერმა საგანგებო სიტუაცია, რადგან ესკალაცია არ გამორიცხა.

დღის ამბები