ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე აცხადებს, რომ 4 იანვარს, პატრიარქის დაბადების დღეზე ტესტირების გარეშე არავინ მისულა - ყველა სტუმარი შემოწმდა კორონავირუსზე და მათი პასუხები უარყოფითი იყო.
"მუდმივად ვაკეთებდით ტესტებს. შობის წინ თითქმის ყველამ ჩაიტარა ტესტი, შობამდე არ ყოფილა დადებითი შემთხვევა, შობის მერე ერთი მონაზონი გახდა ცუდად, დაუდასტურდა და სახლშია," - განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.
ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი კი ამბობს, რომ საპატრიარქოში და სამღვდელოების პირებს შორის რამდენიმე იყო ავად, ჰქონდათ რესპირატორული სიმპტომები, თუმცა ლუგარის ლაბორატორიის მიერ აღებული PCR ტესტირების შედეგად არცერთ მათგანს ინფექცია არ დაუდასტურდა.
"ლუგარიდან იყვნენ მოსულები საპატრიარქოში და ყველას გაუკეთეს PCR ტესტები. სწრაფ ტესტებს ისედაც ვიკეთებდით, მეც ვიკეთებ ხოლმე სწრაფ ტესტს, პატრიარქთან რომ შევდივარ, მაგრამ PCR-ზე უარი მითხრეს და საპატრიარქოში ყველამ გაიკეთა და არავის დაუდასტურდა, მხოლოდ შორენას [პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი] და ისიც - თვითიზოლაციაშია," - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.
ტესტირება ჩაუტარდა კათოლიკოს პატრიარქსაც, მისი პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
ილია მეორის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა.