19 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის თქმით რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხე მომავალშიც არსებობს

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა  სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენების შეფასებისას "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხე მომავალშიც არსებობს. მისი თქმით, ხელისუფლება ასეთ შემთხვევებში მხოლოდ "ცეცხლის ჩაქრობით" იფარგლება რაც პრობლემის აღმოფხვრას არ ნიშნავს.

რუსუდან გოცირიძე მთავრობის მხრიდან გრძელვადიანი მიდგომების საჭიროებაზე საუბრობს, რათა მომავალში მსგავსი დაპირისპირებები აღარ განმეორდეს. 

"საფრთხე ნამდვილად არსებობს დაძაბულობისა, იმის გამო, რომ სამწუხაროდ, მსგავს სიტუაციებში, რა თქმა უნდა, როცა ხანძარია, სასწრაფო ცეცხლი უნდა ჩაქრეს, მარგამ, როგორც წესი, სახელმწიფო იფარგლება ხოლმე ცეცხლის ჩაქრობის ფუნქციით და მთავრდება ყველაფერი. საუკეთესო შემთხვევაში, ეს იყო კონფლიქტის კერა, ცეცხლი ჩაქრა, დამშვიდდა, მაგრამ რიტორიკა, რომელიც არსებობს ხელისუფლების მხრიდანაც, ზოგადად საზოგადოებაში, ამას სჭირდება კარგად გააზრებული გრძელვადიანი მიდგომა," - ამბობს რუსუდან გოცირიძე. 

რუსუდან გოცირიძე ხელისუფლებას, რელიგიური კონფესიებისადმი არათანაბარ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს მაგალითად შობის ღამე მოჰყავს, როდესაც გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ ახალი წლის ღამეს და 7 იანვარს მოიხსნა და 25 დეკემბერი, მისი თქმით, ნახსენებიც არ ყოფილა. 

"შობა ღამეს განსხვავებული რეგულაციები იქნა დაშვებული, 25 დეკემბერი საერთოდ არ იქნა ნახსენები. როდესაც სახელმწიფომ რეგულაციების შესახებ გააკეთა განცხადება, თქვა რომ მხოლოდ 2 ღამე იქნებოდა მოხსნილი გადაადგილებაზე შეზღუდვა - ეს იქნებოდა ახალი წლის ღამე და ეს იქნებოდა 7 იანვრის ღამე," - ამბობს რუსუდან გოცირიძე.

რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს აქვს დიდი რესურსი, რომ რელიგიურ ნიადაგზე მსგავსი კონფლიქტები და დაპირისპირებები არ მოხდეს. ის უპირველესად, განათლების ამაღლების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

"უკეთესი იყო, უფრო ადრე მომხდარიყო მორიგება და ნაკლები ხალხი დაზარალებულიყო, იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც გვერდი გვერდ ცხოვრობენ, ერთ სკოლაში სწავლობენ. ესენი არ არიან უცხო ხალხი ერთმანეთისთვის, ნახევარი საუკუნეზე მეტია გვერდი გვერდ ცხოვრობენ. ასე, რომ ამათი შერიგება იმ საღამოსვე შეიძლებოდა, რაც მალე მოხდებოდა უკეთესი. მე ვლაპარაკობ იმას, რომ სახელმწიფოს აქვს გაცილებით დიდი რესურსი და საშუალება, რომ მსგავსი ხანძრები არ გაჩნდეს," - ამბობს რუსუდან გოცირიძე.

დღის ამბები