ქვეყანაში პირველი ვაქცინა, დაახლოებით, თვენახევარში შემოვა. გეგმა დამტკიცებულია, ახლა დეტალები უნდა დაზუსტდეს. მოლაპარაკება მიდის რამდენიმე კომპანიასთან, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პირველი ვაქცინა, რომლითაც საქართველოში პირველ მოქალაქეს აცრიან "ფაიზერის" იქნება. მოსახლეობის მასშტაბური იმუნიზაცია რამდენიმე ვაქცინით განხორციელდება.
ვაქცინა საქართველოში, დაახლოებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩამოვა. იმუნიზაციას სპეციალისტები პანდემიის დამარცხების ერთადერთ გზად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას შეამცირებს, თუმცა ვიდრე ქვეყანაში საკმარისი დოზა არ შემოვა მოქალაქეებს რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.
ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები აქცენტს სიფრთხილის დაცვის საჭიროებაზე აკეთებენ. გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ იმუნიზაციის ეფექტიანობისთვის აუცილებელია პაციენტების აღრიცხვა და ელექტრონული სამედიცინო ბარათები.
საქართველოში ვაქცინაციის სამოქმედო გეგმას მომდევნო კვირაში უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზეც განიხილავენ. ხვალ კი, ჯანდაცვის უწყება პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით მზაობას "კოვაქს" პლატფორმისთვის გაგზავნილი წერილით დაადასტურებს. ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე რისკჯგუფები აიცრებიან.