19 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
"სულ მარტო იყო საკანში, ასე მარტოებს ცხოველებს აღარ ამწყვდევენ" - ზაზა გახელაძის დედა

ზაზა გახელაძე ისევ პატიმრობაშია. მის საქმეს დღეს ცხინვალის ე.წ. სასამართლო განიხილავდა. რამდენიმე საათიანი პროცესი დღესაც კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი 25 იანვარს დაიგეგმა.

ოკუპანტების მიერ გატაცებულის ოჯახის წევრებმა არ იციან, რა განიხილეს დღეს მის სასამართლო პროცესზე. ზაზა გახელაძის მეუღლეს იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება. 

"ალბათ გალღვა ყინული და გავედით პიკის ბოლოში. იქნებ რაღაც სიახლე იყოს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს," - აცხადებს გატაცებული ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი.

"გაუსაძლისია უკვე ეს ყველაფერი და როდემდე გავუძლებთ არ ვიცით. ვთხოვთ ხელისუფლებას და ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია დაგვეხმაროს. 2 თვენახევარი სულ მარტო იყო საკანში, ასე მარტოებს ცხოველებს აღარ ამწყვდევენ,"- აცხადებს ზაზა გახელაძის დედა ნანა გახელაძე.

ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობაში, გასული წლის 11 ივლისიდან არის.

ის სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და ამის შემდეგ დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში.

დღის ამბები