19 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
სტაციონარული საგუშაგოს გახსნა ხურჩის მონაკვეთში საოკუპაციო ძალების ინტერესის გაძლიერებასაც გამოიწვევს - გიორგი საბედაშვილი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი "დღის კურიერში" სტუმრობისას გუშინ საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების დროს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც თვითმხილველები საუბრობენ, დაკავების დროს რუსმა ოკუპანტებმა გამოიყენეს ძაღლი, მოხდა ფიზიკური ზეწოლაც საქართველოს მოქალაქეებზეც, და ასევე თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 500 მეტრით შემოვიდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

საბედაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევით წუხელ უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება მყისირად მოხდა.

გარდა ამისა, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი განმარტავს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე საუბარისას, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას არსებული სიტუაცია და რომ ეს არის კომპლექსური პროცესი.

საბედაშვილის თქმით, "სტაციონარული საგუშაგო რომ გახსნას საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ისე რომ კონტექსტი არ გაითვალისწინოს, მაგალითად, ხურჩის მონაკვეთში, რა თქმა უნდა, იქ ადგილზე გამოიწვევს საოკუპაციო ძალების ინტერესის გაძლიერებასაც, რაც, შესაძლოა, თავისფალი გადაადგილების ნაწილში დამატებითი გამოწვევა გახდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის."

"გიდასტურებთ ამ ძალიან მძიმე ფაქტს. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის სიგრძე არის 149 კილომეტრზე მეტი და უკანონო დაკავებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თითქმის მთელ პერიმეტრზე გარკვეული პერიოდულობით ხორციელდება. გუშინდელი ფაქტი, რა თქმა უნდა, იყო მძიმე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს იყო პროვოკაციული ქმედება საოკუპაციო რეჟიმის მიერ, რომელიც არამხოლოდ ადგილობრივების უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, არამედ რეგიონში არსებული სტაბილურობისათვის არის გამოწვევა. გუშინდელი ქეისის დროს მოხდა შემდეგი - სამივე ადამიანი, სამივე უკანონო დაკავებული იქნა გათავისუფლებული გუშინვე და ეს გათავისუფლება მოხდა მას შემდეგ, რაც მყისიერად, რამდენიმე წუთში უკანონო დაკავებიდან რამდენიმე წუთში ჩაერთო ცენტრალური ხელისუფლება, არა მხოლოდ ცხელი ხაზით, არამედ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების დახმარებით.

წარსულშიც, როდესაც უკანონო დაკავებები ხდება, გამუდმებით ისმის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოების გამკაცრების შესახებ მოსაზრებები. ცალსახად მინდა დავაფიქსირო, რომ როდესაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზეა საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის კომპლექსური პროცესი. შეუძლებელია მხოლოდ მაგალითად ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მოხდეს გაძლიერება, მითუმეტეს მოხდეს მუდმივმოქმედი სტაციონარული საგუშაგოს გახსნა ჩვენი მხრიდან ისე, რომ არ იქნას გათვალისწინებული პერიმეტრში სრულად. სტაციონარული საგუშაგო რომ გახსნას საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ისე რომ კონტექსტი არ გაითვალისწინოს, მაგალითად, ხურჩის მონაკვეთში, რა თქმა უნდა, იქ ადგილზე გამოიწვევს საოკუპაციო ძალების ინტერესის გაძლიერებასაც, რაც შესაძლოა, თავისფალი გადაადგილების ნაწილში დამატებითი გამოწვევა გახდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის კომპელექსური პროცესი, არ შეიძლება ამის გაკეთება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე. ყველა მსგავსი ინციდენტის შემდეგ სუსი, შსს-სთან, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად გადის, განიხილავს, აანალიზებს შექმნილ ვითარებას და აღნიშნულის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას პატრულირების გაძლიერებასთან დაკავშირებით, თუ მუდმივმოქმედ საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით. პატრულირება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხორცილდება, ინციდენტები, რომელიც რა თქმა უნდა, არის დამაზიანებელი, არის სამწუხარო შედეგი ოკუპაციის და პატრულირება, ან მისი სიმცირე ამასთან დაკავშირებული პირდაპირ, რა თქმა უნდა, არ არის," - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა. 

დღის ამბები