დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოტანილ პროკურატურის გადაწყვეტილებას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები აქციით აპროტესტებენ.
პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ გარეჯის საქმეზე ჩატარებული სასამართლო პროცესები "გაძეძგილია" ტყუილებითა და პარტიული დაკვეთებით. მისივე თქმით, სანამ ილიჩოვასა და მელაშვილს არ გაათავისუფლებენ, საპროტესტო აქციები არ შეწყდება.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპროტესტებთ ვითომ სამართლებრივ პროცესს, რომელიც გაძეძგილია უბრალოდ ტყუილებით და პოლიტიკური პარტიული დაკვეთებით. ჩვენ ვხედავთ თავდაცვის მინისტრს და არა ერთ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც უბრალოდ თავს უფლებას აძლევს შეურაცხყოფა მიაყენოს ამ ადამიანებს აბსოლუტური ტყუილების საფუძველზე რუსეთიდან ჩამოსული რაღაცა ინსტრუქციებით და მასალებით. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სანამ ეს ადამიანები არ გამოვლენ, ჩვენ არ გავჩერდებით," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ გარეჯის საქმეზე დაკავებული ილიჩოვა და მელაშვილი ციხეში პროპაგანდის გამო, ამორალური ბრალდებით იმყოფებიან.
"მხოლოდ პროპაგანდის გამო არიან ციხეში, ამორალური სრულიად ბრალდებით. ეს არის კიდევ ერთი სახე მახინჯი მართლმსაჯულების სისტემის, რომ ბიძინა ივანიშვილს და რეჟიმს ვინც დასჭირდება, იმას დააპატიმრებენ," - აცხადებს ხატია დეკანოიძე
დავით გარეჯის საქმეზე ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს ბრალი დაუზუსტდათ - პროკურატურამ საქმეზე ბრალდებულთა დანაშაულის ჩადენის მოტივი დაადგინა. პროკურატურის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების სახით, რაც მოწმობს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ქვეყნის წინააღმდეგ განზრახ საზიანოდ მოქმედებდნენ.
შეგახსენებთ, მელაშვილი და ილიჩოვა ოქტომბერში დააკავეს. მათ საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის შექმნაში სდებენ ბრალს.