"ლელო საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს დღეს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, საზოგადოებას დეტალური ანგარიში ჩააბაროს იმის შესახებ, როგორ და რის ხარჯზე ხდება ვირუსთან ბრძოლა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
"სახეზე გვაქვს კოვიდის მართვა მხოლოდ პატიმრების და მათი უფლებებბის შეზღუდვის ხარჯზე. ეს უნდა შეიცვალოს, რისთვისაც აუცილებელია, პენიტენციურმა სამსახურმა დაიწყოს მნიშვნელოვანი სამუშაოები, შესაბამის ყველა სახელმწიფო უწყებასთან ერთად გაიზიაროს ის საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც არაერთ ქვეყანაშია, ზოგან მოხდა გათავისუფლება, ზოგან ამნისტია, ზოგან შემოღებულია სხვადასხვა ზომები, რომ მოხდეს სიმძიმის კომპენსირება, რომელიც პატიმრებს დააწვათ და საქართველო ამ პროცესს არ უნდა ჩამორჩეს,"- აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის მარტიდან პენიტენციური სამსახური პრევენციულ ზომებს მიმართავს, რათა მოხდეს ბრალდებულ/მსჯავრდებულების COVID-19-ისგან დაცვა.
"მოგეხსენებათ, 2020 წლის მარტიდან სპეციალური პენიტენციური სამსახური კომპლექსურ პრევენციულ ზომებს მიმართავს, რათა მოხდეს ბრალდებულ/მსჯავრდებულების covid-19-ისგან დაცვა და მართლაც, გასულ წელს პენიტენციურმა სამსახურმა მოახერხა ის, რომ ვირუსს პენიტენციურ დაწესებულებებში არ შეუღწევია.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრა შეზღუდული არ არის და მათი კომუნიკაცია covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნიდან გამომდინარე, მინის ბარიერს მიღმა ხორციელდება. შესაბამისად, დაცვის უფლება უზრუნველყოფილია.
რაც შეეხება ხანგრძლივ პაემანს, 2020 წლის მარტიდან პატიმრებს ეს უფლება პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიზეზით აქვთ შეჩერებული. ცხადია, ეს იყო მტკივნეული გადაწყვეტილება, მაგრამ პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება ისევ და ისევ პატიმრების ვირუსისგან დაცვის მიზნით მიიღო, ვინაიდან უწყებისთვის პრიორიტეტი სწორედ ბრალდებულ/მსჯავრდებულების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.