დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ აუდიო-ჩანაწერთან დაკავშირებით პირველი შეფასებები გაკეთდა ბრალდებულების დაცვის მხრიდან.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატისთვის არ არის სანდო უყწების მიერ წარმოდგენილი მასალები და ამბობს, რომ საქმეში ვერაფერს შეცვლის.
"მე ვერ გეტყვით, რომ რაიმე არსებითად შეცვალა ამ ჩანაწერმა. ძალიან უცნაურია, როდესაც ასეთი ჩანაწერი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ოქტომბრამდე პერიოდში გაკეთებული ჩანაწერია, აქამდე დაფარული იყო დაცვის მხრიდან. გასაგებია ეს რატომაც იყო დაფარული, თუმცა ამას სისხლის სამართლებრივი მიზნები არ აქვს, სამწუხაროდ. იქმნება საზოგადოებაში ეს აზრი, თითქოს ნატალია ილიჩოვა რაღაც რუკას მალავდა. კი ბატონო, მე დღესვე მოგაწვდით თუ გინდათ ქალბატონი გაბუნიას ჩვენებას. ცხადია, მის პირად მონაცემებს დავიცავთ და ვუზრუნველყოფთ, რომ პერსონალური ინფორმაცია არ გავავრცელოთ, თუმცა შემიძლია ახლავე გაჩვენოთ, სადაც თავად ამბობს, როდის და რა ვითარებაში გადასცა ქალბატონმა ილიჩოვამ ეს რუკები და როდესაც ადამიანი, დავუშვათ მალავს რაღაცას, თავის თანამშრომელს არ გასცემს, ხომ რაღაც რუკას," - განაცხადა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.
უწყებამ საქმეზე არსებული ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები წარმოადგინა