საკოორდინაციო საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ბიზნესსექტორი. სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეზღუდვები უფრო უნდა შემსუბუქდეს და მუშაობის უფლება მიეცეს რესტორნებს, გაიხსნას საზღვრები და სამთო-სათხილამურო კურორტები.
"პირველ რიგში, ეს არის სამთო-სათხილამურო კურორტების უპირობა გახსნა. აღარ შეიძლება ამის გადადება, ეს არის ბოლო შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ რამე შემოსავალი ჰქონდეს საკურორტო ზონებს, მეორე ეს არის კოვიდინფიცირებულების იზოლაცია, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ არის საქართველოში უკეთესი ეპიდვითარება, არასწორი მენეჯმენტი არის კოვიდინფიცირებულების. ასევე გვინდა, რომ რესტორნებს მიეცეს საშუალება, იმუშაონ ყველა რეკომენდაციის დაცვით. ჩვენთვის აუცილებელია, რომ ქვეყანაში ეკონომიკამ დაიწყოს მუშაობა, გაიხსნას საზღვრები, პირველ რიგში, სახმელეთო საზღვრები,"- აცხადებს კომპანია "Inn ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია.
"საბანკო ვალდებულებები გვაქვს, ჩვენ გარშემო ათეულობით ოჯახია, რომელიც ულუკმაპუროდ რჩება და იმის პასუხსაც ვერ ვაძლევთ, რომ მეუბნებიან როდის გავიხსნებით, მომავალში რა იქნება. უნდა გავიხსნათ აუცილებლად, უნდა მივცეთ ბიზნესს ამოსუნთქვის საშუალება,"-აღნიშნავს რესტორან "შარბათის" დირექტორი მამუკა გოგრიჭიანი.
"თებერვალში ზღვის სეზონის გახსნა იქნება ფანტასტიური და მაისიდან რომ სამთო-სათხილამურო კურორტი გავხსნათ, მისწრება გუდაურისთვის! ტურიზმის სექტორი არსებობს კიდევ, თუ არსებობს სახელმწიფოებრივი მიდგომა, გეგმა, ტურიზმის აღდგენის წარადგინეთ, იმიტომ რომ გადარჩენა ვერ შეძელით და ტურიზმი მოკალით,"-აცხადებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.
მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ბიზნესის ის ნაწილიც, რომელიც 1 თებერვლიდან იხსნება.
"ჩვენ გაჟღერებული გვქონდა ამ ბიზნესისთვის კრიტიკული რამდენიმე საკითხი, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, შაბათ-კვირა მუშაობა, გადაადგილების შეზღუდვის ერთი საათით გადაწევა ჩვენი სექტორისთვის, ასევე, ანტიკრიზისული გეგმის შეთავაზება, რაც არ მომხდარა. ამ ყველაფერზე პასუხი არ გვაქვს. 17 000 ადამიანია ამ სექტორში დასაქმებული და ამდენი ადამიანი ყოველდღე სამსახურში უნდა მივიდეს და წავიდეს. და რა ხარჯებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული, ეს ჯერ გააზრებული არ აქვთ."
ბიზნესსექტორი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს, რომლებიც ვირუსის გამო შეზღუდვებზე გადაწყვეტილებებს იღებენ.