პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებს მტკიცებულებები გადასცა, რომლითაც საქმე სასამართლოში განსახილველად მიდის. როგორც ბრალდებულების ინტერესების დამცველები ამბობენ, ამ მტკიცებულებებზე დაცვის მხარეს ამ დრომდე შეზღუდვა ჰქონდა.
"პროკურატურა მთელი ამ ხნის განმავლობაში დაცვის მხარეს უზღუდავდა შესაძლებლობას, რომ წვდომა ჰქონოდა იმ მტკიცებულებებზე, რომლებზეც დაახლოებით 3 თვის წინ შეწყდა ამ საპროცესო მოქმედებების განხორციელება. სამი თვის განმავლობაში ადვოკატებსაც კი არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ამ დოკუმენტებს გავცნობოდით და მასზე მოგვემზადებინა ჩვენი ალტერნატიული და საპასუხო პოზიციები. ეს ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფორმალურად გამართლებული იყოს ასეთი მიდგომა კანონმდებლობით, ვთვლით, რომ კონსტიტუციასთან ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს და ამ მიმართულებებითაც ვფიქრობთ, რომ გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ,“ - აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.