19 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
ჩვენი შედეგი არის ის, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება - არჩილ თალაკვაძე

საქართველო კოვაქსის პლატფორმისგან ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით წერილს იღებს. ჯანმოსა და გავის ანუ ვაქცინების გლობალური ალიანსის ინიციატივა აზუსტებს, რამდენად არის საქართველო მზად, მიიღოს ვაქცინა და შექმნას შესაბამისი პირობები მის შესანახად.

პარალელურად, ვაქცინაციის გეგმის შესასრულებლად პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა შეიტანოს. ამ წუთებში ინიციატივა ბიუროზე გადის.

ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა. გეგმის მიხედვით, ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, უსაფრთხო უნდა იყოს და აკმაყოფილებდეს ჯანმოს რეკომენდაციებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მთავრობის საზოგადოებასთან ერთად მუშაობა შედეგიანი აღმოჩნდა.

"როგორც ხედავთ, ის ღონისძიებები, რაც საზოგადოებასთან ერთად განვახორციელეთ, შედეგიანია. შედეგი არის ის, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ვმუშაობთ იმაზე, რომ ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ვაქცინაცია. ხვალ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც განვიხილავთ ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებულ დინამიკას და ასევე სხვა საკითხებს,"- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები