19 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება პანდემიის ბედის შემობრუნება, ვაქცინაციაა - გიორგი კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორი გიორგი კამკამიძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი საშუალება, რითიც ცხოვრების ჩვეულ რიტმზე გადასვლა იქნება შესაძლებელი. 

გიორგი კამკამიძის თქმით, "ფაიზერის" ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით კითხვები არ ექნებოდა. 

"დღესდღეობით, ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება პანდემიის ბედის შეცვლა, შემობრუნება, ეს არის ვაქცინაცია. თუმცა, აქ არის ძალიან ბევრი დეტალი და მე ავირჩევდი თუ მექნებოდა შესაძლებლობა, რომელი ვაქცინით ავიცრებოდი. მე, მაგალითად, ფაიზერთან დაკავშირებით არ მექნებოდა, დღესდღეობით, კითხვა. რასაკვირველია, ვაჩვენებდი მაგალითს. მაგრამ თუ მეტყვიან სპუტნიკით აიცერი ან იგივე ჩინური ვაქცინით, რაც გაჟღერდა, ჩვენ სპეციალისტებმა გამოვთქვით ძალიან დიდი პროტესტი ამასთან დაკავშირებით და მე მგონი, ყურად იღეს ჩვენი შეხედულება," - ამბობს გიორგი კამკამიძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორი ამბობს, რომ სატრანსპორტო საშუალებები უნდა გაიხსნას, თუმცა არა მცირე რაოდენობით. მისი თქმით, თუკი იქნება სატრანსპორტო საშუალებების დეფიციტი, მოხდება მათი გადატვირთვა, რაც წარმოქმნის ერთ სივრცეში ადამიანების დიდი რაოდენობით თავმოყრას. 

"მე ყოველთვის ვარ მომხრე შედარებით გახსნილი პოლიტიკის და უფრო სწრაფად გახსნის. თუმცა, აქ ნამდვილად უნდა იყოს ეტაპობრივი, თუმცა გარკვეული რგოლები გახსნასთან დაკავშირებით ჰარმონიზებული უნდა იყოს. მაგალითად, მართალია მოსაზრება, რომ თუ იხსნება სავაჭრო ცენტრები, ამის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ასევე ტრანსპორტის საშუალებით და ტრანსპორტთან დაკავშირებით, ასევე მაქვს ისეთი შეხედულება, რომ თუკი ტრანსპორტის გახსნასთან არის დაკავშირებული საკითხი, ეს არ უნდა მოხდეს მცირე რაოდენობით ტრანსპორტის გამოშვებით, არამედ პირიქით, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, რომ არ მოხდეს კონცენტრირება ადამიანების ერთ მცირე სივრცეში," - აცხადებს გიორგი კამკამიძე.

დღის ამბები