09 სექტემბერი 2026,   02:12
ვრცლად
უკვე მთელი აქცენტი გადატანილია ილიჩოვასა და მელაშვილისთვის დავალებების მიმცემზე - პროკურორი

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შემდეგ, საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულების სკამზე ყოფილი მაღალჩინოსნებიც აღმოჩდნენ.

მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, რომ შემსრულებლების შემდეგ გამოძიების მთელი ყურადღება დამკვეთებზეა გადატანილი. რაც შეეხება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილებას - ის მტკიცებულების განადგურებისა და მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხის არ არსებობის გამო მიიღეს.

"უკვე მთელი აქცენტი გადატანილია დავალებების მიმცემზე. მოგეხსენებათ, გამოძიების ფარგლებში ჩვენ დავადასტურეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესასრულებლად. შესაბამისად, ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, თუ სხვა ნებისმიერი, ვისაც რეალური ინფორმაცია ეცოდინება ამ საკითხზე, გამოიკითხება და ყველა პირის ქმედება შეფასდება სამართლებრივად სწორად. ამ პროცესშიც ჩვენი პოზიცია იქნება ძალიან პრინციპული.

ეს პოზიცია, ერთგვარი მონახაზი, მტკიცებულებებს ეფუძნება, თუმცა ყველა გარემოება, იმისათვის, რომ სამართლებრივად შეფასდეს, უნდა იქნეს დადასტურებული. შესაბამისად, მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით, სწორედ ამ პროცესს ემსახურება გამოძიება, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს,"- განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

დღის ამბები