ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები მათთვის გირაოს შეფარდებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, არსებობს ნორმა, რომელიც მათ გირაოს შეფარდების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას განაჩენის საბოლოოდ გამოტანამდე არ აძლევს, რაც არაკონსტიტუციურია.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც მიმართავენ ზემდგომ ინსტაციას გირაოს შეფარდების გადაწყვეტილების გასაჩივრების მოთხოვნით, რათა შემდგომში ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
"არც ახლა და არც მანამდე არ არსებობდა რაიმე საფუძველი იმის, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ყოფილიყვნენ პატიმრობაში, ისინი არსად გაქცევას არ აპირებენ, ვერ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს, როგორც ამას პროკურატურა უთითებს, რადგან ძველიც არ ჩაუდენიათ. თავიდანვე, მათი პატიმრობაში მოთავსების გადაწყვეტილება იყო თვითნებური და ემსახურებოდა მხოლოდ მათ დასჯას და არა მართლმსაჯულების მიზნებს.
რაც შეეხება გირაოს შეფარდების გადაწყვეტილების გასაჩივრებას, კანონმდებლობა ცოტა უცნაურადაა მოწესრიგებული, რომელიც არ გვაძლევს აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის გასაჩივრების შესაძლებლობას, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერები, რეალურად, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ამიტომ, ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივროთ ეს ნორმები,"- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მათ 20-20 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.