20 აპრილი 2024,   02:12
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პირველ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან ერთად, რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე დაიწყო რიკოთის არსებული გვირაბის პარალელური გვირაბის მშენებლობა, რომელიც ქვეშეთი-კობის გვირაბის დასრულებამდე, საქართველოში ყველაზე გრძელი  - 1 800 მეტრიანი გვირაბი იქნება. უკვე გაჭრილია 190 მ.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, საერთო ჯამში, ამ დროისათვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე გაჭრილია 6 გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი - 885 მ. სამშენებლო სამუშაოები 53-დან 39 გვირაბზე და 96 -დან 61  ხიდზე ხორციელდება.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ რიკოთს ახლა აქვს უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ამ ჩქაროსნული მაგისტრალის შემდგომი განვითარებისთვის.

"ეს გვირაბი, დაახლოებით, იქნება პარალელური, ყველასთვის ცნობილი, რიკოთის გვირაბის და იქნება 1800 მეტრი. ეს დასრულდება 2022 წლის მეორე ნახევარში, საერთოდ დასრულდება 1-ლი ეტაპი ამ რიკოთის მონაკვეთის და იქნება ყველაზე დიდი გვირაბი, სანა ქვეშეთი-კობს დავასრულებთ. ქვეშეთი-კობი, მოგეხსენებათ, რომ იქნება 9 კილომეტრზე მეტი. არც ერთი დღით,  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, პანდემიის პირობებშიც, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც არ გაჩერებულა და არ გაჩერდება. აქ, მაგალითად, ამ ეტაპზე, მხოლოდ და მხოლოდ ამ მონაკვეთზე, სულ დასაქმებულია 2 700 ადამიანი, საიდანაც 2 000 არის საქართველოს მოქალაქე. ამას ჩვენთვის, დღეს, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნებას და არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერდება. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე - ეკონომიკა გაჩერებულია, ეკონომიკა გაჩერებული არ არის. სამწუხაროდ,  ეკონომიკის ზოგიერთი დარგებია გაჩერებული და ეს იძულებით ხდება, რამეთუ ჩვენც გლობალური ეკონომიკის ნაწილი ვართ," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


2020 წელს, ჯამში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,  საქართველოს 31 000 მოქალაქე იყო დასაქმებული. 

რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება, ხოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის - 2023 წელს.

სამშენებლო სამუშაოები პანდემიის მიუხედავად არ გაჩერებულა, თუმცა COVID-19-ის გამო გადავადდა ჩინეთიდან სპეციალისტების ჩამოსვლა და ბოლო მონაკვეთზე სამობილიზაციო სამუშაოების დაწყება.

პანდემიის მიუხედავად, წელს, მხოლოდ ერთი სამინისტროდან, 2,2 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდა ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

2021 წელს ჩქაროსნული მაგისტრალების დაფინანსება 37%-ით გაიზრდება და ზოგადად, 4 წელიწადში, ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, 20 მილიარდის ინვეტიციაა დაგეგმილი.

დღის ამბები