17 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
სახელმწიფო მინისტრმა ჟენევის მოლაპარაკებების ახალდ დანიშნულ თანათავმჯდომარესთან ანიკა სოდერთან დისტანციური შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს შვედეთის თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან დისტანციური შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა. მისი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თეა ახვლედიანმა კვლავ მთელი სიმწვავით დააყენა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ზაზა გახელაძის, გენადი და ირაკლი ბებუას დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობისა და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობას. 

"მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და აღნიშნეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, მათ შორის წმინდა ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის საჭიროება. ამასთან, გამოითქვა გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებელი ფუნქციონირების იმედი, რაც ხელ შეუწყობს ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.  

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას და სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" განხორციელებას. სახელმწიფო მინისტრმა ახალდანიშნულ თავმჯდომარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ამ კუთხით უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ.     

თავის მხრივ, ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. 

მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები