პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მისი პოლიტიკური ძალა უახლოეს მომავალში "ქართულ ოცნებასთან" და ფასილიტატორებთან შეხვედრას და პოზიციების გაცნობას გეგმავს.
ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. იაგო ხვიჩიას თქმით, თუ მმართველი პარტია კონსტრუქციული იქნება, არის შანსი რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ამასთან, იაგო ხვიჩიამ გაიხსენა ზურაბ ჯაფარიძის ნათქვამი, რომ ოპოზიციაში არსებობენ ძალები, რომლებიც პარლამენტში შესვლას არანაირი შეთანხმების ფასად არ აპირებენ:
"ალბათ შევხვდებით უახლოეს მომავალში, ჩვენს პოზიციებს გავაცნობთ "ქართულ ოცნებასაც" და ფასილიტატორებსაც და ვეცდებით, რომ ეს პროცესი, რომელიც ახლა ჩიხშია შესული ამ ჩიხიდან დავძრათ.
"ქართული ოცნება" თუ ხელს არ შეგვიშლის და საქმეს არ გააფუჭებს, ჩემი აზრით, ოპოზიცია შევა პარლამენტში. არ შეგვიშლის არის ის, რომ იქნება რაციონალური, იქცეოდეს ისე, რომ მოლაპარაკება უნდა. დღეს რომ არ დაუჭირეს მხარი კოლეგების გარიცხვას, ერთ-ერთი კონსტრუქციული ნაბიჯია. ციხიდან გამოშვება იყო კონსტრუქციული ნაბიჯი. ჩვენი აზრით, თუ ასე წავალთ კონსენსუსის და მოლაპარაკების გზით, მაშინ ეს გამოვა. თუმცა, როგორც ვიცით, არსებობს ხალხი ყველა მხრიდან, რომელსაც არ უნდა მოლაპარაკება. მთავარია, ჩვენ ამ შემთხვევაში, დავადასტუროთ რაც გუშინ თქვა ზურაბ ჯაფარიძემ, რომ იქ, პარტიები მოძრაობდნენ ისე, რომ ოთხივე პუნქტზე რომ დათანხმებულიყო ხელისუფლება, მაინც არ შედიოდნენ პარლამენტშიო," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.