17 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ოპოზიციისგან კიდევ უფრო მეტ დარტყმას ველოდებით, რადგან ამ გაჭედილ სიტუაციას არ შევეგუებით - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნების საკითხზე პოლიტიკურად სწორი იყო. 

იაგო ხვიჩიამ "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ "გირჩი" არსებულ პოლიტიკურ ჩიხში ყოფნას არ შეეგუება, ხოლო რას გააკეთებს ჩიხიდან გამოსასვლელად, საზოგადოება ცოტა ხანში შეიტყობს. 

"მე პოლიტიკოსი ვარ და ვიცი, პოლიტიკურად რა არის სწორი. პოლიტიკურად არ შეიძლება პარლამენტი ჩავშალოთ იმის გამო, რომ აქამდე კომუნიკაცია არ არსებობდა, ბევრი ჩვენი კოლეგის აზრი არ გვაქვს გაგებული და მთელი ეს დისკუსია, რომელიც პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხს ეხება, ფაქტობრივად, ახლახან, ახალი წლის შემდეგ, ჩვენი ინიციატივით გავიდა გარეთ, მანამდე ყველას პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული. ჩვენ, ფაქტობრივად, 2 თვის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ ვიღებდით ინფორმაციებს, რომელიც გაჟღენთილი იყო ერთადერთი კითხვით - ვინ შედის პარლამენტში, ვინ არის კუდიანი.

რაც შეეხება, იმ დარტყმას, რომელიც მივიღეთ საკუთარ თავზე - ეს მოულოდნელი არ ყოფილა, კიდევ უფრო მეტ დარტყმას ველოდებით, მაგრამ, მინდა ჩვენს პარლამენტარ კოლეგებს ოპოზიციიდან მოვუწოდო, ნუ აყვებიან ამას, ჩვენ მოგვიწევს პარლამენტში ერთმანეთთან შეხება, მათ უნდ იცოდნენ, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ისინი პარლამენტში მოხვდნენ. პარლამენტის წევრი ოპოზიციონერებისგან მაქვს იმედი, რომ ისინი კორექტულად მოიქცევიან, რადგან როდესაც არაკორექტულად ხარ ჩემთან მოქცეული, მერე რთულია 4 წელი პარლამენტში ერთად ცხოვრება.

ველოდებით მეტ დარტყმას იმიტომ, რომ სიტუაციას, რომელიც ახლა არის გაჭედილი, არ შევეგუებით, თუ რას გავაკეთებთ ამისთვის, ცოტა ხანში ვნახავთ. ჯერჯერობით, მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც ეთერში უნდა ვთქვათ. ჩვენ ასე ვიქცევით ჩვენს კოლეგებთან - ჯერ ველაპარაკებით ადამიანებს არაფორმალურ გარემოში. ოპოზიციიდან ველაპარაკებოდით აქამდე, ახლა გაბუტულები არიან, არ გველაპარაკებიან. დღევანდელი ამბის შემდეგ მაინც ვცდით, ოპოზიციასაც დავუკავშირდეთ. არასდროს დაგვიმალავს, რომ ჩვენ გვჭირდება კომუნიკაცია "ქართულ ოცნებასთან", ისევე, როგორც მანამდე, მთელი ეს პროცესი, გვქონდა კომუნიკაცია ოპოზიციასთან. ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი გაიგებს, რომ ჩვენ მათთან საუბარი გვაინტერესებს, რაიმე ხომ არ შეიცვალა მათკენ,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

დღის ამბები