პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციას მხარი საქართველოს მოქალაქეების 52%-მა დაუჭირა და ამ ნების უგულებელყოფა არ შეიძლება, რაზე დაყრდნობითაც ისინი ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.
"ჩვენ გამოვხატავთ საქართველოს მოქალაქეების 52%-ის ნებას. ამ ნების უგულებელყოფა არ შეიძლება და ამ ნებაზე დაყრდნობით ჩვენ ვითხოვთ ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას. თუ ამაში ეჭვი ეპარება "ქართულ ოცნებას", რომ ეს არის საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნება, მაშინ ჩვენ ვთავაზობთ მათ, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გვითხრას, სურთ თუ არა მათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუ ხალხი გვეტყვის რომ არა, ჩვენ აღარ გვინდა ეს არჩევნები, მაშინ ცხადია ოპოზიცია ვალდებული იქნება ამ გადაწყვეტილებას შეეგუოს და იფუნქციონიროს პარლამენტმა სრული შემადგენლობით,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძე.
კითხვაზე - განიხილავს თუ არა სცენარს, რომ ოპოზიციური ერთობიდან ეტაპობრივად მოხდეს ოპოზიციური წარმომადგენლების შეყვანა პარლამენტში, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, არ ყოფილან 51 დეპუტატის ერთობაში.
"ის ადამიანები, რომლებიც ახლა პარლამენტში შევიდნენ, არასდროს არ ყოფილან იმ ერთობაში, ანუ 51 დეპუტატის ერთობაში, რომლებმაც განცხადება შევიტანეთ პარლამენტში. ასე რომ, ის ერთობა, რომელიც არსებობდა, არ დარღვეულა. არანაირი პერსპექტივა ამ ერთობის დარღვევის არ არსებობს, არანაირი ნიშანწყალიც კი, რომ რომელიმე დეპუტატი აპირებს უკან გამოიტანოს მისი განცხადება, არ ჩანს. შესაბამისად, ეს უბრალოდ, მე ვფიქრობ, ამ მოძრაობებმა და ამ აჟიოტაჟმა, ორი ადამიანის შესვლასთან დაკავშირებით, შექმნა განცდა, რომ თითქოს, მთელი ოპოზიცია რის რყევის პროცესში, სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ეს ადამიანები, რომლებიც არიან ამ განცხადებების უკან, მათი პოზიცია არის ურყევი,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.