17 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
საბედნიეროდ, პოლიტიკური კრიზისი შალვას ფანჩატურს ვერ გასცდა - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე არ ეთანხმება კონსტიტუციონალისტების ნაწილის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხის ჩაგდება არაკონსტიტუციურია.

მამუკა მდინარაძის თქმით, არ შეიძლება, რომ კონსტიტუცია დეპუტატს, რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდეს:

"საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული უმრავლესობა გვყავს დღეს, ძალიან კვალიფიციური კონსტიტუციონალისტები და გარდა ამისა უამრავი იურისტი ვართ გუნდში, რომლებმაც ასევე ძალიან კარგად ვიცით კონსტიტუცია. ყველა მოქალაქეს რომ ძალიან მარტივად გავაგებინოთ, არ შეიძლება კონსტიტუციური დათქმა შეიცავდეს დეპუტატის ვალდებულებას, რომ აუცილებლად რომელიმე ღილაკზე მიაჭიროს თითი. არ შეიძლება დაავალდებულო შენ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი და უთხრა, რომ ეს წერია კონსტიტუციაში, რომ მწვანე ღილაკს უნდა მიაჭირო, ეს ვალდებულება გაქვს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ასევე არ ეთანხმება კრიტიკას იმის შესახებ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია აკლია და დეპუტატების არსებული რაოდენობით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნება. მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტს საკმარისი ლეგიტიმაცია აქვს, პოლიტიკური კრიზისი არაა და ქვეყანაში ინსტიტუტები გამართულად მუშაობენ:

"უამრავი გასაკეთებელი საქმეა, რისი ლეგიტიმაციაც აბსოლუტურად აქვს პარლამენტს და ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში მუშაობს გამართულად. არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის. ეს პოლიტიკური კრიზისი შალვას ფანჩატურს ვერ გასცდა საბედნიეროდ და სად გვაქვს პრობლემა, რომ მაინცდამაინც 4-ით მეტი ან ნაკლები იყოს? საპარლამენტო მუშაობაში 3 პარტია იღებს მონაწილეობას," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები