17 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
რესტორნებს, რომლებსაც სესხი 2020 წლის პირველ დეკემბრამდე აქვთ აღებული, სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდებათ - ნათია თურნავა

დაწესებული რეგულაციების დარღვევისათვის ჯარიმები იზრდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რაც სარესტორნო ბიზნესს საშუალებას აძლევს, სუბსიდირების პროგრამაში უფრო მარტივად ჩაერთონ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, "აწარმოე საქართველოს" გარდა, არის სხვა შეღავათებიც.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას იმ რესტორნებისთვის, რომლებსაც სესხი აღებული აქვთ 2020 წლის პირველ დეკემბრამდე.

"არ მინდა, რომ ეს ასე იქნეს მიჩნეული, თითქოს რესტორნების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს შეეხება ყველა ბიზნესს, ვისზეც არის დაწესებული გარკვეული მოთხოვნები და ვინც სარგებლობს სხვადასხვა პროგრამით. პროგრამა ბევრია, ეს არის არამარტო "აწარმოე საქართველოში," არამედ არის სხვა შეღავათებიც. 

ჩვენ ამ პროგრამას ვამატებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, არამარტო ბანკის სესხის, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხის მქონე ბიზნესებს - რესტორნებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა სესხის პროცენტის სუბსიდირებაში. ასევე, თუ აქამდე ეს შეეხებოდა 2020 წლის პირველ მარტამდე აღებულ სესხებს, ახლა ეს იქნება 2020 წლის პირველ დეკემბრამდე აღებული სესხები. 

მეორე კატეგორია, რომელზეც ასევე ვაფართოებთ ჩვენ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამას, ეს არის სპორტული ობიექტები, ეს არის საბავშვო ბაღები," - განაცხადა ნათია თურნავამ.

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის თქმით კი, ბიზნესს, რომელიც მიზანმიმართულად დაარღვევს რეგულაციებს, სახელმწიფო მათ არ დაეხმარება.

"თუ ბიზნესი, რომელსაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვეხმარებით, ამ ანტიკრიზისული ღონისძიების ფარგლებში დაარღვევს მიზანმიმართულად განსაკუთრებით იმ რეგულაციებს, რომელსაც ვაწესებთ, რა თქმა უნდა სახელმწიფო არ თვლის თავს ვალდებულად, რომ დაეხმაროს ასეთი ტიპის ბიზნესს. ამ ბიზნესს არ ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა იმ ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული შეღავათებით, სუბსიდირების პროგრამებით," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები